პარლამენტში სოციალ-დემოკრატების საკანონმდებლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

საკონსტიტუციო ცვლილებები – სოციალ-დემოკრატები აქტიურად მონაწილეობდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში. ჩვენი პარტიის მოთხოვნა იყო კონსტიტუციის 94-ე მუხლის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომელიც კრძალავდა სახელმწიფოს მიერ საგადასახადო პოლიტიკის წარმართვის შესაძლებლობას. კონსტიტუციის ეს ჩანაწერი გამორიცხავს პროგრესული და სამართლიანი საგადასახადო სისტემის დანერგვის შესაძლებლობას. ეს მუხლი საბოლოოდ არ გაუქმებულა და გარდამავალ დებულებებში გადავიდა. ჩვენი პარტიის უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვით სახელმწიფო არის სოციალური სახელმწიფო, რაც სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების სასარგებლოდ სხვადასხვა პოზიტიური ვალდებულებების შესრულების საფუძველია. ასევე ჩვენი პარტიის მონაწილეობით შევიდა კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომლის მიხედვით სახელმწიფო ზრუნავს მისი მოქალაქეების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

გია ჟორჟოლიანის მიერ წარმოდგენილი სხვა საკანონმდებლო ინიციატივები:

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, რომლის მიზანი იყო გაჩენილიყო პროგრესული საგადასახადო სისტემის დანერგვის შესაძლებლობა, რაც გულისხმობს მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის უფრო მეტად დაბეგვრას, ხოლო დაბალშემოსავლიანებისთვის გადასახადის შემცირებას. ასევე დაკავშირებული იყო სახელმწიფო ხარჯების ზრდის შეზღუდვის გაუქმებასთან. ეს კი აუცილებელია პასუხისმგებლიანი და სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოს არსებობისათვის. (არ იქნა მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ)

შრომის კოდექსში ცვლილების განხორციელება – კანონპრეოქტის მიზანია იყო შრომის საერთაშორისო დღე 1 მაისი არასამუშაო დღედ გამოცხადებულიყო (როგორც ეს ევროპის მრავალ ქვეყანაშია), რაც იქნებოდა მშრომელთა უფლებების და ზოგადად შრომის, როგორც ფასეულობის, მიმართ პატივისცემის გამოხატულება. (არ იქნა მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ)

საარჩევნო კოდექსში ცვლილების განხორციელება, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება – საკანონმდებლო პაკეტის მიზანი იყო უფრო თანასწორი და სამართლიანი პირობების შექმნა პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი პირობების შემქნა წინასაარჩევნო კამპანიის სატელევიზიო ეთერით გაშუქების თვალსაზრისით. (არ იქნა მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ)

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილება, რომელიც გულისხმობდა დაფინანსების წესის შეცვლას. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ყველა მოქალაქეს თავად შეეძლება განსაზღვროს რომელი პოლიტიკური პარტია დააფინანსოს ან საერთოდ დააფინანსოს თუ არა რომელიმე; (არ იქნა მხარდაჭერილი პარლამენტის მიერ)

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება – კანონპროექტმა მოაწესრიგა საქართველოს მოქალაქეების არმქონე პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის განკარგვის საკითხი. (კანონპროექტი მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ)

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში ცვლილება: კანონპროექტით დადგინდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სტიპენდიანტთა არჩევის და მათი ანაზღაურების წესი; კანონპროექტის მიზანია სოფლის მეურნეობათა მეცნიერებების ხელშეწყობა და განვითარება იყო. (კანონპროექტი მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ)

მაღალმთიანი რეგიონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება – კანონპროექტის მიზანი იყო მაღალმთიან რეგიონებში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის დაწესებულიყო 30%-იანი სახელფასო დანამატი; აღნიშნული კანონპროექტის ემსახურებოდა მაღალმთიანი რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. (არ იქნა პარლამენტის მიერ მიღებული)

დაროვებითი საპენსიო სისტემის ალტერნატიული კანონპროექტი, რომლის მიხედვით თაობათა სოლიდარობაზე დამყარებული საპენსიო სისტემა უნდა დანერგილიყო, რომელიც უკვე 2020 წლიდან ამოქმედებოდა. მსგავსი საპენსიო სისტემის დანერგვა უზრუნველყოფდა, ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ პენსიას, მეორე მხრივ კი არსებული სახელფასო უთანასწორობის მეტ-ნაკლებად შემცირებას. (არ იქნა პარლამენტის მიერ მიღებული)

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება – კანონპრექტის მიზანი იყო პროფესიული სასწავლებლების სტუნდეტებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთჯერადად გადავადების შესაძლებლობის გაჩენა, რაც პროფესიული განათლების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. (არ იქნა პარლამენტის მიერ მიღებული, თუმცა მთავრობამ იგივე შინაარსის მქონე კანონპროექტის ინიცირება მოახდინა)

X