კონტაქტი
Social democrats


სახელმწიფოს მკაცრი ნარკოპოლიტიკა

ჩვენ, ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობა აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს და იაზრებდეს არსებულ მძიმე სოციო-პოლიტიკურ ფონს. ვიმედოვნებთ, რომ დაწყებული კამპანია არ გადაიზრდება მხოლოდ გართობის და მსუბუქი ნარკოტიკის ესთეტიზაციაში, არამედ პირიქით, რეალური სოციალური პრობლემების წინ წამოწევას და გაჟღერებას შეუწყობს ხელს. ის, რომ დღეს მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევარია, ვერ ახდენს საკუთარი ნიჭის და პროფესიული ცოდნის რეალიზებას, ნდობა აქვს დაკარდული სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და ვეღარ ახერხებს საკუთარი თავის სახელმწიფოსთან, როგორც პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ერთობასთან იდენტიფიცირებას.

 

 

ბექა წიქარიშვილის უკან უამრავი სხვა ადამიანია, საშუალო ან დაბალი ფენის წარმომადგენელი ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად ავიწროებს და თელავს არსებული კანონი. დავიწყებული და ხმაწართმეული ადამიანები, რომელთაც საზოგადოების მხარდაჭერა ჭირდებათ, და არა მისგან სრული იზოლაცია. მკაცრი ნარკოპოლიტიკა ორიენტირებულია არა პრობლემის მოგვარებაზე, არამედ ავტომატურად განაპირობებს მის მუდმივ კვლავწარმოებას: ჯარიმები, სასამართლო ხარჯები, გირაო, გირაოს უზრუნველყოფა, დაპატიმრებული ადამიანის ციხეში შენახვა - ეს ყველაფერი მატერიალურად და მორალურად ანადგურებს, როგორც პირს ვინც დააპატიმრეს, ისე მის მთელ ოჯახს. შედეგი - ადამიანის და ოჯახის სრული მარგინალიზაცია, ძალადობა, უმუშევრობა და ა.შ.

 

 

არ შეიძლება სახელმწიფო ერთის მხრივ ახალგაზრდა ადამიანს 7-დან 14 წლამდე პატიმრობას უსჯიდეს მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიკურ ელიტებს და საკრალიზებულ ინვესტორს მძიმე ეკონომიკურ დანაშაულებს და მილიონობით ჯარიმას პატიობდეს. ბოლო წლების პოლიტიკამ სრულიად დააკნინა სახელმწიფოს სოციო-პოლიტიკური მნიშვნელობა და როლი და მას მხოლოდ ლეგალისტური ინსტრუმენტებით დაბალ და საშუალო ფენებზე ძალადობის ფუნქციაღა დაუტოვა.

 

 

დაწყებული აქტივობა მხოლოდ მაშინ იქნება შინაარსიანი და შედეგიანი, თუ მისი მონაწილეები არ შეუშინდებიან თემის „პოლიტიკურობის“ აღიარებას, პრობლემის ღრმა და ყოვლისმომცველი სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლების დანახვას და ანალიზს და ბრძოლას არა მხოლოდ ერთჯერადი მოკლევადიანი შედეგისთვის, არამედ ორგანიზებულ და იდეოლოგიზირებულ ბრძოლას პასუხისმგებლიანი სახელმწიფოსა და სოლიდარული (დიახ, სოლიდარული და არა ტოლერანტული) საზოგადოებისთვის.

 

მარიამ იაკობიძე,

ახალაგზრდა სოციალ–დემოკრატების ორგანიზაციულ საკითხთა მდივანი

2014-06-01

გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები