კონტაქტი
Social democrats


ქართველ ქრისტიან-სოციალისტთა საშობაო წერილი

 

„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა,

ქვეყანასა ზედა მშვიდობა და

 კაცთა შორის სათნოება!“ -

აი,  ის სანუკვარი ანგელოზთა გალობა (გზავნილი), რომელიც გაისმოდა 2014 წლის წინ ბეთლემში ქრისტე ღმერთის განკაცებისას.

 

დღესაც, ორ ათასწლეულზე მეტი ხნის შემდეგ კაცობრიობისათვის სანატრელია უზენაესის შემეცნება, მშვიდობა და ადამიანებს შორის კეთილი ურთიერთობები.

პოლიტიკის უმაღლესი დანიშნულებაც ხომ ადამიანთა კეთილმსახურებაა. ჩვენი, ქრისტიანულ-სოციალისტური მოძრაობის, მთავარი მოწოდებაც ესაა: ძმობა-სამართლიანობა-სრულყოფა. შევეცდებით, სწორედ ამ გადმოსახედიდან შევაფასოთ განვლილი წელი.

 

იდეალური იქნებოდა, თუ ჩვენ შევძლებდით შეგვეფასებინა, როგორც სულიერ-ფსიქოლოგიური, ისე კულტურულ-მატერიალური პროგრესი(რეგრესი).

ჩვენი აზრით, გასული წლის მთავარი შედეგი მაინც იყო განცდა მეტი თავისუფლებისა, მეტი დაცულობისა, მეტი სიმშვიდისა, მეტი ჩართულობისა და მეტი პერსპექტივისა. მოკლედ, შინ დაბრუნების განცდა.

 

ამ მხრივ საყურადღებოა, რომ NDI-ის პერიოდული კვლევების ნოემბრის გამოკითხულთაგან თითქმის არავის (0%) მიაჩნია, რომ მედიის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია და მხოლოდ 1%-ს მიააჩნია ციხეების მდგომარეობა ასეთად. ასევე მცირე-4%  თვლის, რომ სასამართლო სისტემა არის პრიორიტეტული ეროვნული საკითხი.ხალხის ყველაზე დიდ წუხილად რჩება სამუშაო ადგილები(69%) და ტერიტორიული მთლიანობა(39%).გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს... და მხოლოდ 10% აღნიშნავს, რომ მათი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

 

სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ კვლევაში არ დაუსვამთ რესპოდენტებისათვის შეკითხვები ისეთ პოპულარულ თემებზე, როგორებიცაა-სამართლიანობის აღდგენა და კოაბიტაცია. თუმცა ამ კვლევის მიხედვით, არაპირდაპირ შეიძლება დავასკვნათ, რომ ხალხის უმრავლესობისათვის ეს საკითხები არცთუ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ “მართალი სამართლის ქმნა“ სახელმწიფოს უზენაესი მოვალეობაა და უმთავრესი საზრუნავია. ამასთან, სამართლიანობა მხოლოდ ვიწროდ არ უნდა გავიგოთ და არ დავივიწყოთ მისი ფართო სოციალური მნიშვნელობა. დიდი წმინდანის, ნეტარი ავგუსტინეს განმარტებით-სამართლიანობა არის დაეხმარო მას, ვინც ამას საჭიროებს.

 

რაც შეეხება კოაბიტაციას , ჩვენს შემთხვევაში ეს ფენომენი იყო დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის დიალექტიკური ფორმა; მსაჯულისა და განსასჯელის წინაარმდეგობრივი თანაარსებობა; „იქით შეედავე...“ პრინციპით მოქმედება ორივე მხრიდან; გამოუცდელის და გამოცდილის ასპარეზობა; არაკომპეტეტურობის და შეცდომების გამო ჩავარდნები და იმედგაცრუებები.

 

ჩვენი აზრით, კარგი იქნებოდა მომხდარიყო „ნაცონალური მოძრაობის „ მმართველობის პერიოდის ყოველმხრივი პოლიტიკური შეფასება, ვთქვათ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კონფერენციის მიერ საბოლოო დოკუმენტის- რეზოლუციის მიღებით. ეს იქნებოდ კარგი სასტარტო ნიშნული ახალი პოლიტიკური ცხოვრების სწორი ორიენტაციისათვის. იქნებ ასეთი მცდელობა ჯერ კიდევ არ იყოს დაგვიანებული.

 

დავუბრუნდეთ შეფასებას, თუ როგორი იყო მდგომარეობა და  პროგრესი (რეგრესი) სულიერ სფეროში. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი კვლევები თითქმის არ ტარდება. მაგალითად, ჩვენ დანამდვილებით ისიც კი არ ვიცით, თუ რამდენია დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური მრევლი (მაზიარებელი), მოიმატა მან თუ მოიკლო; რამდენი  ეკლესია-მონასტერი და სასულიერო სასწავლებელი ფუნქციონირებდა და ეკურთხა გასულ პერიოდში; როგორი იყო სასულიეო პირთა რაოდენობა და დინამიკა; რამდენი ადამიანი მოინათლა და ა.შ. საინტერესოა ასევე, თუ როგორია ჩვენი სამღდველოების თუ მრევლის განათლების დონე. მაგ. სასულიერო პირების რა ნაწილს აქვს უმაღლესი სასულიერო განათლება, რამდენს აქვს სამეცნიერო ხარისხი; რამდენია თეოლოგიის დოქტორანტი; ან მრევლში როგორი ცოდნაა - მაგალითად, რამდენს არ აქვს წმინდა წერილი წაკითხული; რა სასულიერო ლიტერატურას თუ პერიოდიკას ეცნობა მრევლი და ა.შ.

 

აქ დასმულ ზოგიერთ შეკითხვას ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ირიბად ვუპასუხოთ. მაგალითად, NDI იგივე კვლევის მონაცემებით, გამოკითხულთა 16%-მა უპასუხა, რომ ის კვირაში ერთხელ მაინც ესწრებოდა რელიგიურ მსახურებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 10% მაინც არის აქტიური მართლმადიდებელი მრევლი. ეს კი იმას ნიშნავს,რომ ეკლესია არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ინსტიტუტი. მისი აქტიური წევრი მეტია, ვიდრე სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა(300000). საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 87% აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ან ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას. ცხადია, აქ ვერ შევჩერდებით იმაზე, თუ რამდენად ადექვატურია ეს პასუხი.

 

რაც შეეხება ქვეყნის მატერიალურ (სოციალურ-ეკონომიკურ) მდგომარეობას, ამის დადგენა-არტიკულირება საზოგადოებრივ ცნობიერებაში (მასმედიაში) უმეტესად ძალიან შეზღუდულად ხდება, და აქცენტი კეთდება მხოლოდ ეკონომიკური ზრდის აგრეგირებულ მაჩვენებელზე - მთლიან შიგა პროდუქტზე(GDP), რაც სრულიად არასაკმარისია მდგომარეობის დასახასიათებლად. ჩვენში ნაკლები ყურადღება ექცევა, თუნდაც უმუშევრობის დონეს და მის ხასიათს, სიღარიბის და სიღატაკის დონეს ან სიმდიდრისა და შემოსავლების განაწილების უთანაბრობას და სხვ.

 

მშპ ზრდის ტემპი ნაკლებად განსაზღვრავს ეკონომიკაში მომხდარი ცვლილებების შინაარსს. მაგალითად, ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებით თუ ჩვენი ეკონომიკა გაიზრდებოდა 200მლნ ლარით(ინვესტიცია 1 წელიწადში), მაშინ ჩვენ გვეტყოდნენ, რომ მშპ გაიზარდა დამატებით 0,7%-ით და ეს კარგია. მაგრამ რეალურად ეს იქნებოდა სვანეთის რამდენიმე ულამაზესი სოფლის გაქრობა, ხალხის გადასახლება, 1000 ჰა-ზე მეტი ტყის და სახნავ საძოვრის განადგურება, ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა დღეისათვის, ხოლო მომავალში აშკარად მცირე ენერგეტიკული და ეკონომიკური ეფექტი ქვეყნისათვის და დიდი რისკები უსაფრთხოებისათვის. ზოგადად, მშპ გაზრდა ასევე არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ როგორ გადანაწილდა შექმნილი პროდუქტი ვინ(რამდენმა) და რამდენი ისარგელა.

 

აქვე გვინდა აღვნიშნოთ,რომ დღევანდელი მთავრობის ელექტროენერგეტიკული სტრატეგია მიმართულია ჰიდრორესურსების მაქსიმალურ ათვისებაზე ელექტროენერგიის ექსპორტის მიზნით, რაც პრინციპულად არასწორია და ფიგურალურად რომ ვთქვათ, ნიშნავს საქართველოს სხეულის(მიწა-წყლის) გაყიდვას უმეტესწილად ერთეულების სასარგებლოდ.

 

ჩვენი აზრით, მთავრობა ვერ ახერხებს მოიგოს  ე.წ. PR  ბრძოლა ოპოზიციასთან („ნაციონალური მოძრაობა“) და გვაჩვენოს, რომ გასული წლის მთავარი ამოცანა იყო არა უბრალოდ მშპ ზრდის ტემპის შენარჩუნება, არამედ თვისობრივი შემობრუნება სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკაში. ნეოლიბერალური, დაურეგულირებელი საბაზრო ეკონომიკური პოლიტიკა შეიცვალა სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკით და ამას ქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა, როგორც ჩანს, ახალ მთავრობასაც არა აქვს კარგად გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია უცვლელი კურსის აღება მდგრად-ეკონომიკურად, სოციალურად და ეკოლოგიურად გაწონასწორებულ განვითარებაზე. საჭიროა ბაზრის ისეთ ჩარჩოებში მოქცევა და მართვა, როცა ეკონომიკური მიზნები ყველა ადამიანზე და მათ გარემოზეა ორიენტირებული და არა მხოლოდ პრივილეგირებულ უმცირესობაზე.

დღეისათვის საქართველოში ჯინის კოეფიციეტი რის 0,41(-იქნებოდა აბსოლუტური თანასწორობა), აბსოლუტური სიღატაკეში ცხოვრობს მოსახლეობის 9,7%, ხოლო ფარდობითი სიღარიბე შეადგენს-22%-ს.

 

 ქვეყნის მდგომარეობის დასახასიათებლად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა მაგალითადად

 დემოგრაფიული სურათის მაჩვენებლები:ბუნებრივი მატება, ბავშვთა სიკვდილიანობა, მიგრაციის მაჩვენებლები და სხვა. ჩვენთვის დამაფიქრებელია, რომ მაგალითად, განქორწინებათა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. აბორტების ეთიკურ მხარეზე რომ არაფერი ვთქვათ, სტატისტიკაც დამამწუხრებელია-ყოველ 3 ახალშობილზე მოდის 2 რეგისტრირებული აბორტი.

ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაცვა. ბოლოწლებში იზრდებოდა რეგისტირებულ დაავადებათა რაოდენობა,მათ შორის შიდსითაც, ხოლო საავადმყოფოების რაოდენობა  მცირდება.

განათლების, მეცნიერების და კულტურის მდგომარეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების მხრივაც. ხარისხზე რომ არაფერი ვთქვათ, ბოლოწლებში მცირდებოდა სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა.

ძალზედ მნიშვნელოვანია გარემოს მდგომარეობა. მაგალითად, ჰაერის დაბინძურების დონე თბილისში ნორმაზე მაღალია და მის გამოსასწორებლად თითქმის არაფერი კეთდება. მცირდება რეკრეაციული ზონები, იმეწყრება და ვტბორავთ ტერიტორიებს, მოუვლელი გვაქვს ტყეები და ა.შ.

გაურკვეველია მიწის ფონდის მდგომარეობა, დაუკმაყოფილებელია საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა,  მოუწესრიგებელია სავიზო რეჟიმი და სხვა საკითხები, რომლებიც მეტ სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ყურადღებას იმსახურებენ.

 

ზემოთაღნიშნული ბევრი პრობლემის გამოსწორების იმედს გვისახავს გასულ წელს პარაფირებული ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება. ევროპასთან დაახლოება ხომ იმიტომაა მიმზიდველი, რომ ჩვენი ყოფითი ცხოვრების სტანდარტებიც ისეთივე იყოს, როგორსაც ევროპის დადებითი მაგალითი გვიჩვენებს. თუმცა, კრიტიკულნიც უნდა ვიყოთ და გვესმოდეს, რომ რაც ბზინავს ყოველთვის ოქრო როდია. ჩვენთვის ევროპის უარყოფითი გამოცდილებაც სამაგალითო უნდა იყოს (მაგ. კონსიუმერიზმი, სულიერების დაკნინება, სხვადახვა სფეროში პერიოდული ჩავარდნები და ა.შ.).

 

რაც შეეხება რუსეთს, ჩვენი აზრით, აქ პრინციპულად სწორი ტაქტიკაა შერჩეული და გვწამს, რომ ზოგჯერ ადამიანურ ძალისხმევაზე მეტად ღვთის ნებაზე მინდობა უფრო მნიშვნელოვანია.

 

ქართველი ქრისტიან-სოციალისტები ვულოცავთ

ყველა ქრისტიანს,

ყველა მემარცხენე ქრისტიანს,

ყველა პროგრესისტს,

ყველა მოქალაქეს - დამდეგ შობას და ვისურვებთ და ვიზრუნებთ, რომ ახალი წელი იყოს

 

უფრო ჰუმანური,

უფრო სოლიდარული,

უფრო სამართლიანი,

უფრო სრულყოფილი!

 

ქრისტეს ნათელი გვეწეოდეს!

 

                          სოციალ-დემოკრატები  საქართველოს განვითარებისათვის

                          ქრისტიან-სოციალისტური ფრაქციის ლიდერი

 

                          დავით ადეიშვილი

 

                          თბილისი, ქრისტეშობა, 2014

0000-00-00

გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები