კონტაქტი
Social democrats


გია ჟორჟოლიანის სიტყვა მეორე ყრილობაზე

მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო! ნიშანდობლივია, რომ ჩვენი   ყრილობა   დაემთხვა   საქართველოს   დამოუკიდებლობის 95-ე წლისთავს.  ჩვენმა   წინაპრებმა  1918  წლის  26  მაისს  გამოაცხადეს  საქართველოს  დამოუკიდებლობა  და  საფუძველი   ჩაუყარეს    იმ  დროისათვის   უაღრესად   თანამედროვე, მოდერნულ  სახელმწიფოს, რომელშიც პოლიტიკური  პლიურალიზმი, აზრის  გამოხატვის თავისუფლება, ხალხზე  ზრუნვა  გახდა  მთავარი   ამოცანა. სამწუხაროდ,  ჩვენ ხალხს მაშინ არ მიეცა  შესაძლებლობა  გაეგრძელებინა  ეს საქმე, მაგრამ, ტრადიციები   უკვალოდ  არ  ქრება  და     დღეს არა მარტო ჩვენი პარტია, არამედ,   მთელი  ჩვენი  ქვეყანა  დაადგა  ახალ   გზას. დასაწყისში მოკლედ  შევჩერდები  იმაზე, თუ რა  გზა  გამოიარა ჩვენმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ დღემდე და ყველა აქ დამსწრეს, დარბაზში  მყოფთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც   რაიონებიდან  ჩამობრძანდა, მინდა  მოვუწოდო  აქტიური თანამშრომლობისაკენ.

ზუსტად  სამი  წელი  შესრულდა  ჩვენი  პარტიის  დაარსებიდან; იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში სუფევდა, თავდაპირველად ძირითადი ყურადღება  ინტელექტუალურ საქმიანობაზე გავამახვილეთ - შევიმუშავეთ პარტიის პროგრამა, ვატარებდით კონფერენციებს, წამოვიწყეთ არა-ერთი   კამპანია...  ეს კამპანიები ეყრდნობოდა იდეურ  პრინციპებს,   რომლებსაც   დღეს,  საბედნიეროდ,  არა  მხოლოდ  ჩვენი  პარტია, არამედ, ბევრი  პოლიტიკური  ორგანიზაცია იზიარებს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ახალგაზრდობასთან, პრაქტიკულად, დაარსების დღიდან ვთანამშრომლობდით  ჩვენს  უცხოელ  კოლეგებთან - საზღვარგარეთის  სოციალ-დემოკრატიულ  პარტიებთან და გარკვეული  წარმატებასაც მივაღწიეთ.  მინდა მოგახსენოთ, რომ წელს, თებერვალში  ჩვენ  მიგვიღეს  სოციალისტური  ინტერნაციონალის  წევრად, ხოლო  გუშინ  და  გუშინწინ  თბილისში  ჩატარდა   სოციალისტური   ინტერნაციონალის  რეგიონული  კომიტეტის   სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ შავი ზღვის, კავკასიის   და ყოფილი  საბჭოთა რესპუბლიკების  სოციალ–დემოკრატიული  პარტიების წარმომადგენლები. რეზოლუცია, რომელიც ამ სხდომაზე მივიღეთ,      ერთ–ერთი ყველაზე ადეკვატური საერთაშორისო დოკუმენტია ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებული  პრობლებების შეფასების თვალსაზრისით.

 

დღეს ჩვენ გვაქვს  შესაძლებლობა  ახალი ძალით გავშალოთ საქმიანობა ქვეყნის  მდგომარეობისა და ჩვენი  ხალხის  არსებობის პირობების გაუმჯობესებისათვის და აუცილებელია კარგად გავიაზროთ, თუ რამ მოგვცა ეს შასაძლებლობა.

ვფიქრობ,  რომ  ჩვენ ჯერ კიდევ კარგად  არა  გვაქვს  გაცნობიერებული იმ ცვლილების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოში პირველ ოქტომბერს მოხდა. ეს  არის ისტორიული   ცვლილება  და  მის ბოლომდე გააზრებას ისტორიული  პერსპექტივა ჭირდება და  თანდათან, ჩვენ სულ უფრო აშკარად დავინახავთ, თუ რა  სერიოზული შესაძლებლობები მოაქვს მას  ქვეყნისათვის.

პირველ ოქტომბერს საქართველომ შეცვალა თავისი განვითარების გეზი. დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია ამას დაადასტურებს.  ამ ცვლილებების შემოქმედი არის ქართველი ხალხი. ამასთანავე, უეჭველია ისიც, რომ ეს ყველაფერი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობის გარეშე არ მოხდებოდა. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ საქმე ამით მხოლოდ იწყება. ამ უდიდესმა ცვლილებამ გაუხსნა გზა შემოქმედებით პოტენციალის ამოქმედებას. მან გააქრო შეზღუდვები, შეწყვიტა  რეპრესიები, დაამხო ავტორიტარიზმი, მაგრამ იგი  არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომლის ერთი აქნევით ყველაფერი ჩვენს მაგივრად გაკეთდება. ჩვენ ვდგავართ  ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე.  მართალია, მოხდა პერსონალური ცვლილებები ხელისუფლებაში, მაგრამ, ეს საკმარისი არ არის.   ცვლილება ჭირდება ყველაფერს - ძველ ინსტიტუტებს, დაწესებულებებს, ანუ საჭიროა ძველი რეჟიმის დემონტაჟი იმისათვის, რომ ახალი სისტემა შევქმნათ, ახალი წესები შემოვიღოთ. მხოლოდ ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი ხალხი ენერგია და პოტენციალი საქმედ იქცეს და იდეები მხოლოდ იდეებად არ დარჩეს. ამ დემონტაჟის პროცესში არ შეიძლება ჩვენ გვერდი ავუაროთ დღეს ძალიან მწვავე პრობლემებს. პირველ რიგში ეს არის სამართლიანობის აღდგენის საკითხი. ცხადია,  ჩვენ არ ვართ რევანშისტები, მაგრამ, ძველი რომაელების ნათქვამისა არ იყოს, რაც გინდა მოხდეს, სამართალი უნდა აღსრულდეს. თუ სამართალი და სამართლიანობა არ დამკვიდრდება, ჩვენ წინ ვერ წავალთ.

ცხადია ეს მოთხოვნა მასობრივად არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, პატიოსნად მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ სხვადასხვა დაწესებულებებში. ეს ეხება მხოლოდ მათ, ვისაც აქვს ჩადენილი დანაშაული - ამ უსამართლო რეჟიმის არქიტექტორებს.  შესაძლოა ეს მტკივნეული პროცესი იყოს, მაგრამ ჩვენ იგი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ  პირველ ოქტომბერს  საქართველოში  ერთი პარტია კი არ მოვიდა ხელისუფლებაში მეორის  მაგივრად - მოხდა  ერთი რეჟიმის შეცვლა მეორე რეჟიმით. ასეთი ცვლილებები მსოფლიოში ყველგან  რთულად  მიმდინარეობდა და  მიმდინარეობს. ეს შეიძლება შევადაროთ ესპანეთის, ჩილეს მოვლენებს, სადაც ხალხის ნებით დაემხო ავტორიტარული  მმართველობა.  უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სამართლიანობის აღდგენა, შესაძლოა, ხანგრძლივი პროცესი გამოდგეს. ჩვენ უნდა დავამკვიდროთ   სასამართლო   რომლის საქმიანობა იქნება გამჭვირვალე და იმავდროულად ეფექტური. თუ  ეს  ვერ განვახორციელეთ, წინ  ვერ წავალთ. მაგრამ, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ არ გამოგვადგება მარტოოდენ  წარსულისაკენ  ყურება. არ უნდა დავემსგავსოთ   მანქანაში  მჯდომ  მძღოლს, რომელიც  მხოლოდ სარკეში იყურება და ამიტომ წინ  ვერ მიდის.

თუ მთელ ძალასა და ენერგიას დამარცხებული რეჟიმის კრიტიკაზე დავხარჯავთ, ამაზე ვიქნებით კონცენტრირებულები, ვერ განვახორციელებთ იმას, რასაც ითხოვენ ჩვენგან ადამიანები. მაშ რა უნდა გავაკეთოთ?!

შარშან,  არჩევნებამდე  კარგა ხნით  ადრე,  ჩვენ  გამოვაქვეყნეთ   ჩვენი თვალსაზრისი - პასუხი  იმ  გამოწვევებზე, რომლის   წინაშეც  საქართველო  იდგა. ჩვენ მას  დავარქვით    „ახალი კურსი  საქართველოსთვის“.   ჩვენ შემთხვევით არ ვუწოდეთ ასეთი სათაური ამ დოკუმენტს.  გვახსოვს, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  ფრანკლინ რუზველტმა გამოაცხადა ,,ახალი კურსი“. მაშინ მსოფლიოში კრიზისი მძინვარებდა და რუზველტის მიერ წამიწყებული ცვლილებები ჭეშმარიტად რევოლუციური იყო. 2008 წელს ეკონომიკურმა და სოციალურმა კრიზისმა კვლავ მოიცვა მსოფლიო და ჩვენ ვივარაუდეთ, რომ  საქართველოშიც ამას  რევოლუციური გარდაქმნები უნდა მოჰყოლოდა - სხვაგვარად, ჩვენი ქვეყანა თავს ვერ დააღწევდა არსებულ პრობლემებს.

ახლა დაწვრილებით არ შევჩერდები  ამ დოკუმენტზე, მის ცალკეულ პუნქტებზე. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ, ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო პოლიტიკის  დღის წესრიგის, მისი  მთავარი მიმართულებების შეცვლა და ეს კიდევაც მოხდა ბიძინა ივანიშვილის ასპარეზზე გამოჩენის  შემდეგ, ფაქტობრივად, მას შემდეგ, რაც მან თავისი პირველი განცხადებები გააკეთა.

ეს  დღის წესრიგი,  რომელიც დამკვიდრდა  2011 წლის  ოქტომბრიდან პოლიტიკური  დისკურსის  სახით, მნიშვნელოვნად  ემთხვეოდა ჩვენს  ხედვებს. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ   ზოგი მიმართულებით დღეს უკვე საგრძნობი ნაბიჯებია გადადგმული.

ერთ-ერთი ასეთი მიმართულება არის სოფლის მხარდაჭერის ღონისძიებები.   ამ გზაზე ბევრი სირთულე მოგველის, მაგრამ ეჭვს არ იწვევს ის, რომ საქმე დაწყებულია. მე ვფიქრობ  რომ წლევანდელი მოსავალი იქნება ისეთი, როგორიც დიდი ხანია არ გვქონია, მაგრამ, მან გზა უნდა ნახოს. ამიტომ გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა-ამოქმედება რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს. ამ საკითხსაც ცენტრალური ადგილი უკავია დღევანდელი მთავრობის პროგრამაში, მაგრამ, რეალურად, საქმე ფერხდება. მიგვაჩნია, რომ სოფლის დახმარების პროგრამას მუდმივად ჭირდება ყურადღება და იგი პოლიტიკის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად უნდა დარჩეს.

მეორე უმნიშვნელოვანესი მიმართულება  რომელიც  ჩვენ   გავაცხადეთ,  , ეს იყო შრომითი  ურთიერთობების  მოწესრიგება.  აქაც  პირველი  ნაბიჯები  გადადგმულია.

ცხადია, სიახლეებს ყველა ადამიანი ერთნაირად არ აღიქვამს. როდესაც რაღაც იცვლება, ყველა ფიქრობს როგორ  მოახდინოს  ადაპტირება რომ შეეგუოს  ახალ რეალობას.

დღეს ბიზნესმენთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ  შრომით კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა შეიძლება გაართულოს  მათი  საქმიანობა. მე მინდა  დავარწმუნო  ისინი რომ მოხდება პირიქით - შრომითი ურთიერთობების ცივილიზებულ  ფორმაში მოქცევა მათ საქმიანობასაც შეუწყობს ხელს და საერთო საქმესაც წაადგება. როდესაც დაქირავებული წესით დასაქმებული ადამიანები იგრძნობენ პერსპექტივას, დარწმუნებულნი იქნებიან, რომ მათ უმიზეზოდ არ გაანთავისუფლებენ სამუშაოდან, ისინი გაცილებით უფრო დიდი ენთუზიაზმით იმუშავებენ. შრომა არის უმთავრესი ფაქტორი ეკონომიკის წარმატებისა, ეკონომიკური  განვითარებისა;  თუ დაქირავებით მომუშავე ადამიანის მოტივაცია გაძლიერდება, ეს ხელს შეუწყობს შრომის ნაყოფიერების ზრდას და შესაბამისად, ქართული საწარმოების მიერ   გამოშვებული  პროდუქციის  კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ჩვენ უნდა  მოვახერხოთ   მაღალკონკურენტუნარიანი, თანამედროვე ტიპის ეკონომიკის შექმნა, თუ ამაზე არ ვიზრუნეთ,  მხოლოდ მოსახლეობის ელემენტარული ლუკმაპურით უზრუნველყოფას  შევძლებთ-  საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იქნება. შრომითი ურთიერთობების სამართლიანი   წესების  დადგენა ხელს  შეუწყობს იმასაც  რომ დასაქმებულები, რომლებიც  წინა  პერიოდში, პრაქტიკულად,  მოკლებულნი  იყვნენ ყოველგვარ უფლებებს და ამიტომ,   გზას  თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ხედავდნენ  ან სრულ  მორჩილებაში,  ან რადიკალურ წინააღმდეგობაში, იპოვნიან არხებს იმისათვის, რომ  კონსტრუქციული დიალოგი  წამოიწყონ  დამსაქმებლებთან. დარწმუნებულნი ვართ, რომ   ხელისუფლების მხარდაჭერით, მხარეები   მოახერხებენ  ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას. ეს აუცილებელია ქვეყნის  ეკონომიკაში რეალური  სექტორის გასაძლიერებლად.

ერთ–ერთი  მთავარი საკითხი,  რომელსაც ჩვენ აქტიურად ვუჭერდით მხარს, იყო  არსებითი ცვლილება საგარეო პოლიტიკაში. ევროპული  ორიენტირი   ჩვენი   პარტიისათვის  წამყვანია, ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს ჭეშმარიტ ევროპელ მეგობრებს და არა იმათ, ვინც აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს და ცდილობს საკუთარი მიზნებისათვის გამოიყენოს ჩვენში არსებული ვითარება - ატრიალებს ქარიშხალს ჭიქაში. ჩვენი ნამდვილი მეგობრები, პირველ რიგში, არიან ევროპის სოციალ–დემოკრატები, მაგრამ, არა მხოლოდ. აი, სწორედ მათ არაერთხელ უთქვამთ და გვიმეორებენ დღესაც, რომ ჩვენი ინტეგრაცია ევროპაში გადის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე. ყველას კარგად  გვესმის, რომ  ამ  მძიმე  მემკვიდრეობის  არსებობის პირობებში, მაშინ  როდესაც  საქართველოში   შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, იგი  არ შეცვლილა, არ იქნება ადვილი ახალი პოლიტიკის  გატარება, მაგრამ,  ის კურსი, რომელიც ჩვენმა  მთავრობამ ამ  მიმართულებით აიღო, არის ძალიან მყარი, პრაგმატული და ერთადერთი შესაძლებელი კურსი. ვფიქრობ,  რომ იგი ჩვენი მიზნების განხორციელებამდე მიგვიყვანს. აუცილებელია რომ გავითვალისწინოთ ისტორიული გამოცდილება იმ ქვეყნებისა, რომლებიც ჩვენნაირ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. გავიხსენოთ თუნდაც, ფინეთის, ან დასავლეთ  გერმანიის მაგალითი. დასავლეთ გერმანიას  არასოდეს უღიარებია აღმოსავლეთ  გერმანია, მაგრამ თანამშრომლობდა საბჭოთა კავშირთან. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ კი გერმანია გაერთიანდა. მე ღრმად მწამს, რომ  ჩვენი მშიდობიანი პოლიტიკა,  თანამშრომლობა - განსაკუთრებით  ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სოციალურ  სფეროებში, ჩვენს თანამოძმე აფხაზებთან, ჩვენს ძმებთან ოსებთან მიგვიყვანს იქამდე, რომ   მოვახერხებთ  თანაცხოვრებას და მოვძებნით  ერთად  ყოფნის გზებს. რა თქმა უნდა,  ეს  არ იქნება   ადვილი  პროცესი, მაგრამ იგი  უნდა დავიწყოთ. ჩვენ ერთხელ  და სამუდამოდ უნდა  ვთქვათ უარი ჩვენს  თანამოძმეებთან ძალისმიერი მეთოდებით საკითხების გარკვევაზე. მათთან ერთად უნდა დავგმოთ ის  ქმედებები, რომლებიც ჩვენს  და მათ მიერ იყო ჩადენილი  და დავადგეთ ურთიერთობათა მოწესრიგების მშვიდობიან გზას.

დღეს  თანამედროვე  ეკონომიკა მთელ მსოფლიოში ცოდნაზეა დაფუძნებული და არა იაფ მუშახელზე. თუ  ჩვენ არ დავიწყეთ სამეცნიერო კვლევის, თანამედროვე ცოდნისა და  განათლების გაცნობიერებული, რადიკალური მხარდაჭერა, ჩვენ განვითარების პერსპექტივა არ გვექნება. სახელმწიფომ ამ სფეროში უნდა გასწიოს მაორგანიზებელი როლი. მხოლოდ ასე შევძლებთ კეთილდღეობის სახელმწიფოს აშენებას. მიუხედავად კრიზისებისა, ასეთი სახელმწიფოები დღესაც არსებობს ევროპაშიც და ჩრდილოეთ ამერიკაშიც. ეს სახელმწიფოები თავის თავზე იღებენ  პასუხისმგებლობას, რომ მათ მოქალაქეებს ქონდეთ ყველა რესურსი იმისათვის, რომ მიიღონ სრულფასოვანი  მონაწილეობა ეკონომიკურ, პოლიტიკურ კულტურულ და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში. აუცილებელია, რომ ადამიანები იყვნენ ჯანმრთელნი და  მცოდნენი, ყველაფერი უნდა კეთდებოდეს იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ  სამუშაო. ამ პირობების შექმნაში სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს საქართველოში, ვფიქრობთ, უპრიანი იქნება შეიქმნას სპეციალური ორგანო - განვითარების საბჭო, რომელიც თავს მოუყრის მთელ ჩვენს აკადემიურ, ინტელექტუალურ, საზოგადოებრივ, ბიუროკრატიულ და ადმინისტრაციულ რესურსს იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ქვეყნისა და საზოგადოების შეუქცევადი წინსვლა.

ჩვენ მივესალმებით იმ ღონისძიებებს, რომლებსაც ხელისუფლება ახორციელებს განათლების სფეროში. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ 15 სპეციალობიაზე სწავლა სტუდენტებისათვის უფასო გახდა, მაგრამ, ამ მიმართულებიოთაც საჭიროა სისტემური, კარდინალური ცვლილებები. ჩვენი წინადადებაა, რომ სოფლის მეურნეობის მილიარდიანი ფონდის მსგავსად, შეიქმნას  მილიარდიანი ფონდი განათლებისა და მეცნიერების მხარდასაჭერად.

და  ბოლოს  მინდა  ვთქვა: დღეს გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანები იყვნენ არა მხოლოდ  ამომრჩევლები, არამედ  გახდნენ  მოქალაქეები, მაგრამ, ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევისათვის აუცილებელია, რომ თვით ამ ადამიანებმა მოინდომონ ეს. ჩვენი მთავარი საქმე და მიზანი არის სწორედ ადგილებზე ადამიანების გააქტიურება და მათი წახალისება, რომ გაიზარდოს მათი საზოგადოებრივი აქტიურობა და დაიწყონ ცხოვრება როგორც თავიანთი ქვეყნის ნამდვილმა მოქალაქეებმა. ამისათვის აუცილებელია კრიტიკიდან გადავიდეთ კონსტრუქციულ საქმიანობაზე. თვითოეულმა ჩვენგანმა  მონაწილეობა უნდა მიიღოს ადგილობრივი პრობლემების გადაჭრა-მოგვარებაში, რადგან, ჩვენზე უკეთ არავინ იცის, თუ რა უჭირს ჩვენს სოფელსა თუ უბანს და რა უნდა გაკეთდეს. რატომ უნდა ვიყოთ პრემიერ-მინისტრის, ან პრეზიდენტის მომლოდინე?! მომლოდინეობიდან უნდა წავიდეთ  მოქმედებისაკენ,   შეფასებიდან უნდა გადავიდეთ პასუხისმგებლობაზე.

ჩვენი პარტიის მთავარი ორიენტირი  მომავალი  ერთი წლის  განმავლობაში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ არ უნდა შევუშინდეთ პასუხისმგებლობას და მთელი ჩვენი ენერგია უნდა  მივმართოთ ამისაკენ. ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე პასუხისმგებლობა. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღოთ თვითმმართველობის   არჩევნებში, ან უნდა მოძებნოთ კანდიდატები, რომლებიც, თქვენი აზრით, თქვენზე უკეთ გაართმევენ თავს ამ საქმეს. არჩევნები შედგება  ერთი წლის შემდეგ, მაგრამ, მუშაობა დღესვე უნდა დავიწყოთ. ადამიანები უნდა დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ვიქნებით მათი ღირსეული წარმომადგენლები და დაუღალავად ვიმუშავებთ სოფლისა თუ ქალაქის, რეგიონის პრობლემების გადაწყვეტისათვის.

ჩვენ უნდა დავანგრიოთ ზეცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს და შევქმნათ სისტემა, სადაც გადაწყვეტილებები ქვევიდან ზევით მიდის. ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც ყველაფერი იწყება ადგილებზე. მხოლოდ ეს არის დემოკრატია. ჩვენ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, ჩვენ გვაქვს ამის შანსი  და მომავალი თაობა არ გვაპატიებს  თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ. მე იმედი მაქვს რომ ჩვენი პარტია იქნება ავანგარდში იმ ბრძოლისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს  უკეთეს მომავალში.

 

სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანის სიტყვით გამოსვლა პარტიის მეორე ყრილობაზე

5 ივნისი 2013, თბილისი

2013-10-15

გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები