კონტაქტი
Social democrats


ქართველი სოციალ-დემოკრატია

ოეჟორდანიას - “რჩეული ნაწერები”

შესრულდა 56 წელი მას შემდეგ, რაც საქართველოში სოციალ-დემოკრატია გამოვიდა საზოგადო ასპარეზზე საკუთარი სოციალური და ნაციონალური პროგრამით: ბატონობა ხალხის, ბატონობა ერის, სოციალიზმი – აი ამ პროგრამის ძირითადი მუხლები.

ის დაუპირისპირდა რუსეთის თვითმპყრობელობას, დიდ მემამულეთა მიწათმფლობელობას და კაპიტალისტების გაბატონებას საქართველოში

ის აღორძინდა და განვითარდა სრულიად დამოუკიდებლათ რუსეთის ასეტივე მიმდინარეობისაგან. ათი წლის მუშაობის შემდეგ ნათელი გახდა, რომ პატარა ერის რევოლუციური ძალა სრულიად არ კმარა დიდი რუსეთის უღელის დასამხობათ და გადასწყვიტა შეერთებოდა რუსეთის ასეთსავე დაჯგუფებას და საერთო ბრძოლით თავისი დროშის გამარჯვებას. ეს შეერთება მოხდა 1903 წელს საერთო ყრილობაზე ლონდონში.

ეს გაერთიანება ჩამოყალიბდა ერთი ძირიტადი საერთო მოთხოვნილების პირველ რიგში დაყენებით, რომლის განხორციელება კარს უღებდა დანარჩენ მოთხოვნილების გატარებას. ეს მთავარი მიზანი იყო მეფის რეჟიმის დაცემა და ხალხური რესპუბლიკის დაარსება.

პირველაგორებულ რევოლუციურ ტალღამ თვითმპყრობელობა დასჭრა, მაგრამ ვერ მოსპო. იწყება სათათბიროს პერიოდი. ყველა ოთხივე სათათბიროს დეპუტატებათ ქართველი ხალხი ირჩევდა მხოლოდ სოციალ-დემოკრატებს, ერთის გამოკლებით (სოციალისტ-ფედერალისტი). ყველა ოთხივე სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას მთელი რუსეთისას მეთაურობდნენ ქართველი სოცალ-დემოკრატები.

მეორეთ აგორებულ რევოლუციურ ტალღამ, 1917 წ. დაამხო მეფის რეჟიმი, გამოაცხადა დემოკრატიული რესპუბლიკა. ამ დიდ გარდატეხის მთავარ ორგანოს, პეტერბურგის მუშათა ანტიბოლშევიკურ საბჭოს, მეთაურობდა ქართველი სოციალ-დემოკრატი, მეოთხე სათათბიროს წევრი, არცეული ერთხმათ მის თავმჯდომარეთ.

ქართველი სოციალ-დემოკრატია დაუპირისპირდა ბოლშევიზმს თავიდანვე, მისი ღორძინების დღიდანვე, ლონდონის კონგრესზე. პირველად ის გამოვიდა მის წინააღმდეგ პრინციპიალური კრიტიკით საერთო რუსეთის მასშტაბით, მაშინ როდესაც რუსეთის სოციალ-დემოკრატები მას ედავებოდნენ ორგანიზაციული მოტივებით. საქართველოში მან სავსებით გაანადგურა მათი ორგანიზაციული წყობა, გაანიავა მათი გავლენა მუშათა კლასზე.

ამიტომ როცა რუსეთში აღსდგა ძველი რუსულ-აზიური სულისკვეთება და ის დაუბრუნდა ეკატერინე მეორის წინ არსებულ სოციალურ წყობას, გაბატონებულს ბოლშევიკების მეთაურობით, საქართველოში ძალაში დარჩა ევროპული სულისკვეთება და მთელ რევოლუციურ ასპარეზს დაეპატრონენ ქართველი სოციალ-დემოკრატები. მათ პირველათ ახლა მიეცათ საშუალება განეხორციელებინათ თავისი პროგრამა.

 

 

საქართველოს და რუსეთის სავალი გზები საქვეყნოთ გაიყარნენ, რაიცა ჩამოყალიბდა შესაფერ ნაციონალურ, პოლიტიკურ და სოციალურ ფორმებში. პირველ ყოვლისა საქართველო ჩამოშორდა რუსეთს და გამოაცხადა თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ასი წლის წინეთ შეწყვეტილი რუსეთის ჯარების მიერ; ყველა რევოლუციურ ორგანოებს და ერის ნაციონალურ მთავრობას მეთაურობდნენ სოციალ-დემოკრატები, მათ მისდევდნენ, მათ მეთაურობას სცნობდნენ ყველა ნაციონალურათ და პროგრესულათ მოაზროვნე დაჯგუფებანი მთელი ერისა. საქართველოს ირგვლივ აგორებულ რუსულბოლშევიკურ ტალღებს, რუსის გაბოლშევიკებულ მილიონიან ჯარებს დაუპირისპირდა ერთი მთლიანი ნაციონალური ფრონტი.

10. მთელ ძველ რუსულ იმპერიაში ერთადერთი საქართველო წარმოადგენდა ერთერთ კუთხეს, სადაც მეფობა მყუდროება, წესიერება და დისციპლინა თავისუფლების საფუძველზე. მის ირგვლივ ანთებული კოცონი სამოქალაქო ომისა მის სხეულს სრულიად არ მიეკარა, მის არცერთ ნაწილს და წრეს არ გადაედვა. ერის მეთაურის, სოციალ-დემოკრატიის ასეთი უმაგალითო ნაყოფიერი შემოქმედება აიხსნება მისი ძირითადი თვისებებით, რითაც ის განსხვავდებოდა და განსხვავდება დღესაც რუსეთის და დასავლეთის ასეთსავე მიმდინარეობისგან.

ა) მისი სოციალიზმი იყო და არის რევოლუციური და არა პარლამენტალური, საარჩევნო, საკარიერო და სალაპარაკო ხასიათის;

ბ) მისი დემოკრატიზმი იყო და არის ურყევად ხალხური, ანტიბურჟუაზიულ-პლუტოკრატიული, ანტითავადაზნაურულ-პომეშჩიკური;

ც) ის იყო და არის მომხრე და შემქმნელი ერის სამი კლასის ბლოკის: გლეხების, მუშების, და წვრილი ბურჟუაზიის. ეს ბლოკი, მცხოვრებთა ეს დიდი უმრავლესობა, არის ბატონი და პატრონი მთელი ერის, წინამძღოლი მისი სავალი გზების, მისი ყოფა-ცხოვრების ამწყობი და დამწყობი. ნაციონალური ბურჟუაზიის უყოლობის გამო, მის გარეთ დარჩა მხოლოდ მემამულეთა კლასი, ძველი ისტორიული თავად-აზნაურობა, რომელიც დაემორჩილა ისტორიის განაჩენს და უბრძოლველად, უკონტრ-რევოლუციოთ გაყვა ერის უმრავლესობას.

დ) ქართველი სოციალ-დემოკრატიის სოციალიზმი და დემოკრატიზმი იყო და არის მართლაც თავისებური, უაღრესათ ნაციონალური და ხალხური, რაიცა გაკვირვებით აღნიშნა დასავლეთის სოციალ-დემოკრატიის მეთაურმა კ. კაუცკიმ თავის წიგნში “საქართველო”. სოციალიზმი ერის სამსახურში აი, რა აწერია თავიდანვე მის დროშას.

რაკი ქართული სოციალიზმი იყო უაღრესად ნაციონალური, ამიტომ პირველი მისი რეფორმატორული ნაბიჯი შეიცავდა ერის დიდი უმრავლესობის – გლეხობის ინტერესების დაცვას, მისი დაბალი სოციალური საფეხურიდან მაღლა ამოყვანას და ერის ფუძეთ გამოცხადებას. ეს კი იქნა შესრულებული აგრარული რეფორმით. მიწათმფლობელთა წოდებას ჩამოერთავა უსასყიდლოთ მამულები და ყველა სახნავ-სათესი მიწები დაურიგდა უმიწაწყლო და მცირე მესაკუთრე გლეხობას, ხოლო დიდი გაშენებული მამულები, ტყეები და საბალახოები გამოცხადდა ნაციონალურ საკუთრებად.

12. ერის ხელში გადავიდა აგრეთვე მტამადნები, გზები, წყლები, კულტურულათ დამუშავებული სხვილი მამულები. რის გაყოფა იქნებოდა ეკონომიკური უკანდახევა. და აგრეთვე რუსის ხაზინის მთელი ქონება საქართველოში დარჩენილი.

13. ამნაირათ, საქართველოში დამყარდა კოორდინაცია, მოთანხმება სახელმწიფო და კერძო ეკონომიკას შორის. სხვილი ნაციონალური და წვრილი კერძო საკუთრება შეიქმნა ახალი საქართველოს სოციალურ ფუძეთ.

14. ქართველი მუშათა კლასი ღებულობს ყველა მისთვის მიუცილებელ რეფორმებს ამ კერძო და ნაციონალური საკუთრების ფარგლებში და მჭიდროთ ეკავშირება ერის უმრავლესობას – მცირე მესაკუთრეთა კლასს, რომელსაც ის იმავე დროს უწევს მეთაურობას სოციალ-დემოკრატიის დროშით.

15. ეს ახალი, ხალხური საქართველო თავის საგარეო პოლიტიკას აწყობს ორ დებულებაზე; თავის ძველი საზღვრების აღდგენა და მისი დაცვა გარედან შემოსევისაგან. პირველი ამოცანა მან დიდებულად შეასრულა. მან დაიბრუნა ოლქები ბათომის , ართვინის და არდაგანის. 1918 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობას ჯერ ფაქტიურათ, შემდეგ იურიდიულად ევროპის ყველა სახელმწიფოები. მისი დამოუკიდებლობა იცნო აგრეთვე განსაკუთრებული ხელშეკრულობით რუსეთის საბჭოთა მთავრობამ.

16. ამ ნაციონალურ და სოციალურ გარდაქმნას აგვირგვინებს ხალხის პოლიტიკური გაბატონება. მას მიეცა ყველა თავისუფლება, გარდა ერთისა – ნაციონალური და სოციალური წყობის დანგრევისა, მის წინააღმდეგ ბრძოლისა.

17. ქვეყნის უმაღლეს გამგეთ გამოცხადდა ერთპალატიანი პარლამენტი, უპარლამენტარიზმოთ. მთავრობა ირჩეოდა მის მიერ ვადით, რომლის განმავლობაში მისი შეცვლა სხვადასხვა საარჩევნო კომბინაციებით არ შეიძლებოდა, მთავრობა ასრულებდა პარლამენტის დადგენილებებს. უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და პასუხისმგებლობა დაეკისრა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც იმავე დროს იყო შეფი სახელმწიფოსი. ხალხს მიეცა უფლება კანონმდებლობის ინიციატივის და გამოცემული კანონის გადასინჯვის (რეფერენდუმი)

18. აი ეს ახალი საქართველო, გამთლიანებული ტერიტორიალურათ, სულიერათ და ნაციონალურათ შექმნა ხანგრძლივ სახალხო მოძრაობამ სოციალ-დემიკრატიის მეთაურობით და თავდადებით, რაიცა, იქმნა დადასტურებული თითქმის ერთხმად დაფუძნებული კრების არჩევნებით (1919 წ.) დეპუტატთა ოთხმოცი პროცენტი ეკუთვნოდა სოციალ-დემოკრატიას, ხოლო დანარჩენი დაჯგუფებანი- სოციალისტ-ფედერალისტები და ნაციონალ-დემოკრატები მთავარ საკითხებში არ განსხვავდებოდნენ მართველი პარტიისაგან.

19. საქართველოს დაპყრობისთანავე მოსკოვის მიერ იგივე სოციალ-დემოკრატია ეწყობა არალეგალურ, საიდუმლო ორგანიზაციებში, აჩაღებს ბრძოლას საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ და თავის ირგვლივ იკრებს ყველა თავდადებულ მებრძოლს. ეს ბრძოლა გაგრძელდება 1921 წლიდან დღევანდლამდე: მას შეეწირა მრავალი მსხვერპლი, დაიხვრიტა ათასობით საუკეთესო მებრძოლი, მაგრამ ის ვერ ჩაკლეს, ვერ შეაჩაერეს ტირანებმა ვერავითარი ზომით. ამავე დროს დაფუძნებული კრების მიერ ევროპაში გამოგზავნილი ნაციონალური მთავრობა მთელი ამ ხნის განმავლობაში ეწევა პილიტიკურ ბრძოლას ბოლშევიკების წინააღმდეგ და საქართველოს განსათავისუფლებათ. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლობას არ გაუშვია არც ერთი შემთხვევა, არც ერთი ყრილობა სოციალისტური ინტერნაციონალისა, რომ არ დაესვას საქართველოს საკითხი. ერთა ლიგა, პარლამენტები, ჟურნალ-გაზეთები, კონგრესები ხდებოდნენ ამ საკითხის მთავარ ასპარეზათ. ის ისმოდა აგრეთვე ყველა მთავრობათა წინაშე.

20. მთელ ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქართველი სოციალ-დემოკრატია მუშაობდა აშკარათ, ლეგალურათ მხოლოდ ოთხ წელიწადს (1917-1921). საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში. მთელი დანარჩენი დრო ის ეწეოდა ბრძოლას და ეწევა დღეს არალეგალურათ, კონსპირატოულათ, საიდუმლო ორგანიზაციების საშუალებით, არალეგალური პრესით, ჩუმი კრებით და სიტყვიერი პროპაგანდით, დროის დროს კი ქუჩაზე გამოსვლით, დემონსტრაციებით და აჯანყებებით. ამავე ლეგალურ პერიოდში ის ხელიდან არ უშვებდა არც ერთ ლეგალურ შემთხვევას, რომ თავისი პრინციპები საჯაროთ არ გამოეფინა. მთელ იმ პერიოდში მხოლოდ საქართველოში ქართულ ენაზე, მანამდე კი ის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ლეგალურ ორგანოებში.

21. მონარქიულ და ბოლშევიკურ ტირანიამ ვერავითარი რეპრესიებით მისი მუშაობა ვერ შეაჩერა, ვერ ჩაკლა. საქართველოს სოციალ-დემოკრატია დარწმუნებულია იმაში, რომ, როგორც დაეცა მისი პირველი მტერი ცარიზმი, დაეცემა აგრეთვე მისი მეორე მტერი კომუნიზმი და თვით დარჩება საბოლოოთ გამარჯვებული.

 

26 მაისი

ეს მეცამეტეჯერ ვდღესასწაულობთ 26 მაისს საზღვარგარეთ.

ეს მეცამეტე წელია ქართველი ერი ამ თავის აღდგომის დღეს ვერ დღესასწაულობს, მას შესაფერათ ვერ ეგებება და უფლებააყრილი, ტყვეთქმნილი, მას მხოლოდ თავის გულში ატარებს. ამ დღეს აქ და იქ, გადმოხვეწილი ქართველი და სამშობლოში მყოფნი ფიქრობენ ერთნაირათ, უცემთ გული ერთხმიანათ, შედუღებულნი ერთი იდეალით. ეს იდეალი იყო, არის და იქნება ერის ტყვეობისაგან განთავისუფლება, წართმეული თავისუფლების დაბრუნება.

ამ დროში გამარჯვების თავდებია ერთი პირობა- ქართველი ხალხის მტკიცე ნებისყოფა, მისი მოლარული ძალა, დაუშრეტელი ენერგია, თავის თავის ერთგულება და მტერმოყვარის გარჩევა. ყველა ეს თვისება ქართველობის სამკაულია, მას ის ტან ახლავს მუდამ, ამიტ მოდის ის ისტორიის ეკლიან გზაზე და გამოცურა არაერტი და ორი აბობოქრებული ტალღები. რამდენი ძველი ხალხი ჩაიხრჩო ამ ტალრებში, რამდენი მისი თანამგზავრნი დაეცნენ შუა გზაზე; ფეხზე, თავის მიწა-წყალზე დარჩა ჩვენი პატარა ერი და ძველებურათ, იმედიანათ გაყურებს მომავალს.

ერი მორალური პიროვნებაა, მას აქვს თავისი ეთიკა, თავისი დისციპლინა, თავისი კალაპოტი, რომლისგან ამოვარდნა მას ღუპავს. ის იძულებულია ამოვარდნილ ისტორიულ გრიგალს პირდაპირ დახვდეს, გული მიუშვიროს და შეებრძოლოს. მას არ შეუძლია დამალვა, გაქცევა, გადახვეწა. ამ ნიადაგზე მაგრათ მდგომი, ის აძლევს სავალ კალაპოტს, სამუშაო ხაზს მოწინავე მებრძოლთ, მედროშეთ და წინამძღვართ. მისი მეთაურია მხოლოდ ის, ვინც ამ კალაპოტში რჩება, მისი დროშაა მხოლოდ ის, რომელიც მის ტანჯვა-ვაებას აღბეჭდავს. ხალხი თავის თავს ვერ გადაუხვევს, ეს მისი ბუნებაა. კერძო პირი კი მოკლებულია ამ სტიქიას, მისი გზაკვალი განუსაზღვრელია, უსწორმასწოროა. მისი გადახვევა-გადმოხვევა, ბუდიდან ამოვარდნა კერძო ინტერესის საზოგადოზე მაღლა დაყენება ჩვეულებრივი მოვლენაა. რაც უბედურება თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას წარსულში და დრეს სწორეთ ამ მიზეზით აიხსნება. მუდამ ხალხს მოსწყდებოდა მთელი წყება წყალწარებული ადამიანებისა და მათ მოევლინებოდა ბატონათ და მტანჯველათ უცხო ძალასთან დაკავშირებით. ესენი მირბოდნენ წინეთ ჯერ სპარსეთში, შემდეგ რუსეთში თავიანთი ეგოისტური ინტერესების გასამარჯვებლათ ქართველი ერის ხარჯზე, ასე მირბიან მოსკოვის კარზე დღესაც ამ დაბეცავებული ერის ნაძირლები.

და ასე სწუწნიან ხალხს მისი შინაური და გარეშე მტერი შეერთებული ძალებით. რით უძლებს ამ სვავებს ერი? მხოლოდ ერთი თვისებით- მორალური ძლიერებით, ერთად დგომით, საერთო შინაური ფრონტით, მაგარი სულით და გაუტეხელი ნებისყოფით. მტერი მას არ შეუყვარდება. მტერმა ეს კარგათ იცის და ცდილობს მას შემოუაროს მისი მორალის გატეხით, მის მებრძოლთა შორის შუღლის გაცაღებით, ფრონტში ფრონტის შექმნით და ხალხისთვის ამ გზით ზურგიდან მახვილის ჩაცემით. გაყავი და იბატონე, გზა ძველი, გაცვეთილი, მაგრამ მუდამ ახლათ ამუშავებული. ამ ხაფანგს მუდამ გასავალი აქვს დაბნეულთა და მერყევ ელემენტთა შორის.

პოლიტიკა ბრძოლაა; ამ ბრძოლას ესაჭოროება შესაფერი აპარატი, ურყევი ორგანიზაციები; დაცვა ამ აპარატების გარეშე მტრისგან ადვილია თუ მას ზურგი მაგარი აქვს, თუ შინაური მტრისგან დაცულია. გაყოფილ ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან. ვისაც ეს ასე არ ესმის- მებრძოლი არ არის, პოლიტიკაში შემთხვევით შემოხიზნულია. მარტო ღმერთო, ღმერთოს ძახილით სამოთხეში ვერავინ შევა. 26 მაისს ესაჭიროება შესაფერი საქმე, გზა მისკენ მიმავალი. ის ითხოვს ბრძოლის მეთაურთა ისეთივე მორალურ ძალას და ერთობას, როგორიც არის თვით ხალხში. დაადევით ყური დედამიწას და გაიგონებთ საქართველოს მიწის გამოძახილს, გაიგონებთ ქართველი ერის სულისთქმას, მაჯისცემას და მიაგნებთ ნამდვილ გზას. საქართველოს აქვს პოლიტიკური ხერხემალი, ის მტერმა ვერ გატეხა და ვერც გასტეხს. ამ ხერხემლის რგოლებია იქ, სამშობლოში, სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები და მასთან დაკავშირებული სხვა ანტისაბჭოთა პარტიები, აქ ნაციონალური მთავრობა და მის ირგვლივ დაწყობილი პარტიული ორგანოები. ამათი არსებობა დამოკიდებულია ქართველ ხალხზე, პასუხს აგებენ მის წინაშე და არავითარ გარეშე ძალას არ ძალუძს მათი გაუქმება და გზიდან გადაგდება.

ნაციონალურმა მთავრობამ მიიღო მანდატი დამფუძნებელ კრებისგან, მას შეყურებს ტანჯული ერი და ის დარჩება თავის პოსტზე ბოლომდე, გამარჯვებამდე. 26 მაისი მისი დროშაა; ის მისი უმაღლესი გამომხატველი და დამცველია და მას ვერ დასწევ, ძირს ვერ დაუშვებს ვერავითარი საგარეო მომენტების წინაშე. საქართველოს ოფიციალური დლეგაცია იქნება თუ არა საფრანგეთში –ეს არ ვიცით, ვიცით მხოლოდ რომ ნაციონალური მთავრობა იქნება, მისი გამაუქმებელი ძალა უცხოეთში არ არის; მისი გაუქმება შეუძლია მხოლოდ მის შემქმნელს, მის დედას- ქართველ ერს.

საქართველოს მის ორი ათასი წლის ისტორიის მანძილზე დღეს პირველათ ყავს თავისი საკუთარი პოლიტიკური წარმომადგენლობა ევროპაში, პირველათ ყავს აქ პოლიტიკური ემიგრაცია. ყველა წინანდელი ემიგრაცია არ გაშორებია სპარსეთს, ოსმელეთს და რუსეთს. ევროპის ფართე წრეებმა პირველათ ახლა გაიგო ჩვენი ერის სულისკვეთება, მისი წარსული, აწმყო და მომავალი ლტოლვილება. თუ წინეთ ის გადაბმული იყო დასავლეთთან კულტურულათ, ახლა ის გადაება პოლიტიკურათ, ადამიანების საშუალებით. ეს დიდი მისია, ეს დიდი როლი, რაიცა წილათ ხვდა გადმოხვეწილ ქართველობას, უნდა იქნას შესრულებული ღირსეულათ, მოვალეობის შეგნებით და ერთგულებით. დაქსაქსულობა, დანაწილება, ერთიმეორის წინააღმდეგ დარაზმვა მიოტევებელი დანაშაულობაა ერის და ისტორიის წინაშე. საქართველოს პირველ პოლიტიკურ ემიგრაციამ უნდა აჩვენეოს მაგალითი და იყოს ღირსეული წარმომადგენელი მებრძოლი ერის გაუტეხლობის, სულის სიმაგრის, ერთობის და მთლიანობის.

26 მაისი ჩვენი გამაერთიანებელია, ჩვენი მთლიანობის სიმბოლოა, ჩვენი საერთო დროშაა. დღეს საქართველოს სინამდვილეში არ არსებობს შინაგანი განხეთქილების არც ერთი მომენტი, არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც კულტურული და საზოგადოებრივი. ჩვენ ყველა ვიბრძვით არსებობის ძირეულ, უდაო და მიუცილებელ საფუძვლისათვის. ჩვენ გვინდა ვიყოთ ჩვენი თავის ბატონი და პატრონი, როგორც ერი, როგორც ხალხი, როგორც პიროვნება. ყველა ეს უფლება წართმეული გვაქვს და ეს საერთო უბედურება აერტებს ყველას, განურცევლათ რწმენისა, პროგრამული სხვადასხვაობისა და სოციალური მდგომარეობისა.

ჩვენ და ისინი, საქართველო და მისი მტარვალები, შუაში უფსკრულია, ხიდეები წაღებული. 26 მაისი ჩვენი ხარტია, მათი სახრჩობელაა..

გამომცემლობა“საქართველო”თბილისი- 1990

0000-00-00

გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები