კონტაქტი
Social democrats
პროგრამა

სოციალ-დემოკრატები

საქართველოს განვითარებისთვის

პროგრამული პრინციპები

მეორე ათწლეული სრულდება საქართველოს თანამედროვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებიდან. ამ პერიოდში, სერიოზული და ინტენსიური მსჯელობა თუ როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა და განვითარდეს ქვეყანა, არ დამდგარა საზოგადოებრივი დისკურსის დღის წესრიგში. საქართველოს, ჩვენ ხალხს არჩევანი არ გაუკეთებია.

 

ქვეყანა მისდევდა გარკვეულ პოლიტიკას, რომელიც უმთავრესად გარე ზეგავლენებით განისაზღვრებოდა.

 

გლობალისტური ნეოლიბერალიზმისა და ნეოკონსერვატიზმის რადიკალური ფორმების გაბატონებამ ახალ, არასტაბილურ, საბჭოთა ეპოქის რთული მემკვირდეობისა და უამრავი გამოწვევების წინაშე (ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, ეკონომიკური კავშირების მოშლა, ღირებულებრივი განუსაზღვრელობა, არაეფექტური ცენტრალიზებული და კონცენტრირებული მმართველობის გამოცდილება…) მდგომ საქართველოში მრავალი უარყოფითი შედეგი მოიტანა: განვითარებულ ქვეყნებთან ჩამორჩენის ზრდა, ავტორიტარული მმართველობისაკენ გადახრა (საბჭოთა `დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპი კარგად შეერწყა რადიკალურ ნეოლიბერალურ ექსპერტულ ავანგარდიზმს რევოლუციონერ მმართველთა იდეოლოგიაში), სოციალური უთანასწორობის და ოლიგარქიის  დამკვიდრება (კონკურენციაში წარმატების დარვინიზმამდე მისული პროპაგანდით მხარდაჭერილი), კულტურული ერთგვაროვნების (საკუთარი იდენტობის მარგინალიზაციის) საფრთხე და ა.შ.

 

განვლილი ოცი წელი გვარწმუნებს, დამკვიდრებული ფუნდამენტალისტური ტიპის გლობალისტური ნეოლიბერალიზმი ვერ ქმნის გარანტიებს ქვეყნებისა და ხალხების განვითარებისათვის.

 

სოციალური შინაარსისა და განვითარების პერსპექტივისაგან დაცლილი დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებებისა და ეფექტური საბაზრო ეკონომიკის ლოზუნგებმა ამ ლოზუნგების საპირისპირო შედეგები მოიტანეს.

 

ჩვენ წარმოვადგენთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არსებული მდგომარეობა უსამართლოდ და უპერსპექტივოდ მიაჩნია. ამიტომ   მისი  შეცვლისკენ მოვუწოდებთ მთელს საზოგადოებას, ხალხს.

 

ჩვენი საზოგადოება დღეს დგას უაღრესად რთული, საპასუხისმგებლო ამოცანების წინაშე.

 

ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვძებნოთ შემოქმედებითი მიდგომები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს გამოვიდეთ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ჩიხიდან, და განვსაზღვროთ ქვეყნის განვითარების პერსპექტიული გზები.

 

ჩვენ გვწამს, რომ ერთადერთი სუბიექტი, რომელსაც ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულება შეუძლია არის თვით ხალხი.

 

ჩვენ, როგორც ამ ხალხის ნაწილი, მზად ვართ გავიზიაროთ ეს პასუხისმგებლობა და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ საქმიანობაში, იმ საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად, რომელნიც ესწრაფვიან ქვეყნის განვითარებას.

 

გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა

 

ჩვენ უმთავრეს და უპირველეს მიზნად ქვეყნის განვითარებას მივიჩნევთ, რაც გულისხმობს – სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ, პიროვნულ განვითარებას, განვითარებას ყველასთვის.

 

ქვეყნის ყოველმხრივი განვითარების გარეშე შეუძლებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და სრულფასოვანი დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრება, ადამიანის ცხოვრებითვის ღირსეული პირობების შექმნა.

 

ჩვენ გთავაზობთ განვითარების იმგვარი გზის არჩევას, რომელიც ნაკარნახევია ქვეყნის წარსულითა და აწმყოთი, საქართველოს კულტურითა და ტრადიციებით, ქართველი ხალხის ინტერსებითა და მისწრაფებებით.

 

საქართველო არის ევროპული ქვეყანა და ჩვენი განვითარების ბუნებრივი გზა არის ევროპული განვითარების გზა, რომელიც ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს ეყრდნობა, როგორიცაა: თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, სოლიდარობა, თანამშრომლობა, კეთილმეზობლობა და ჰუმანიზმი.

 

ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს არჩევანი არის ევროპული არჩევანი გულისხმობს არა ვინმესადმი ბრმად მიბაძვას, არამედ პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ბედ-იღბალზე, თვითგანვითარებაზე ზრუნვას.

 

საქართველოს, როგორც ქვეყნის განვითარებაში იგულისხმება

 

სოციალური განვითარება.
ეკონომიკური განვითარება.
პოლიტიკური განვითარება.
კულტურული განვითარება.
რეგიონალური განვითარება.
ინდივიდუალური განვითარება.

ჩვენ ვისწრაფვით საზოგადოებისაკენ, სადაც:

 

მიღწეულია თაობათა სოლიდარობა; დაფასებულია ტრადიციები, გამოცდილება და პროფესიონალიზმი.
პიროვნებას შეუძლია თავისუფალი განვითარება.
უმუშევრობა აღიარებულია არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ პრობლემად.
მოდერნიზაცია უპირატესად განიხილება, როგორც ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში.
ეკონომიკისა და მთელი საზოგადოების განვითარება დამყარებულია ცოდნაზე, განათლებაზე, მეცნიერებაზე.
ეკონომიკის განვითარება მაქსიმალურად ითვალისწინებს ეკოლოგიურ გარემოს, ანუ უზრუნველყოფილია მდგრადი განვითარება.
პრიორიტეტია ქვეყნის სიმეტრიული განვითარება _ რეგიონების ურბანული და აგრარული რაიონების სოციალ-ეკონომიკური და კულტურული დონის დაახლოება.
უპირობო პრიორიტეტია განათლების სფეროს განვითარება, მეცნიერებისა და შემოქმედებითი საქმიანოიბის სახელმწიფო მხარდაჭერა.
ჩვენი უმთავრესი მიზანია ხალხის კეთილდღეობის ზრდა, რომელიც ეყრდნობა რეგიონების განვითარებას, მათი პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებების ზრდას, ინოვაციური პროცესების სტიმულირებას, ქვეყნის პოლიტკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მოდერნიზაციას.

 

ჩვენ მივისწრფვით ისეთი განვითარებული საზოგადოებისკენ, სადაც ეფექტურად ფუნქციონირებს სოციალური ეკონომიკა და სოციალური დემოკრატია, სადაც უზრუნველყოფილია თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, სოლიდარობა.

 

თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, სოლიდარობა

 

თავისუფლება და თანასწორობა თანაბარი ღირებულებებია. თავისუფლება შეუძლებელია თანასწორობის გარეშე, ხოლო თანასწორობა – თავისუფლების გარეშე.
ყველა ადამიანი თანასწორი და თავისუფალია – თანაბრად თავისუფალია.
ადამიანის თავისუფლება ვრცელდება მანამ, სანამ იგი არ ზღუდავს სხვა ადამიანის თავისუფლების ან თანასწორობის ბუნებრივ უფლებას.
პიროვნული თავისუფლება _ ადამიანური ღირსების გარანტიაა.
პოლიტიკური თავისუფლება _ არჩევანის და მონაწილეობის უფლებაა.
სახელმწიფო და საზოგადოება მოწოდებულია შეუქმნას მოქალაქეებს თანასწორი პირობები და შესაძლებლობები უნარების გამოვლენის და უფლებების რეალიზებისათვის.
სამართლიანობის პრინციპი გულისხმობს ყველას თანასწორობას კანონის, სახელმწიფოს, სამართლისა და საზოგადოების წინაშე.
სამართლიანობის პრინციპის სრულად რეალიზება ცხოვრებაში შეუძლებელია სოციალური სამართლიანობის პრინციპის ძლიერი საზოგადოებრივი და ინსტიტუციონალური მხარდაჭერის გარეშე.
თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა დამოკიდებულია საზოგადოებრივი სიკეთეების ხელმისაწვდომობაზე. თუკი ყველა თანაბრად არ ფლობს ამ სიკეთეებს, ყველა თანაბრად თავისუფალი არ არის.
თავისუფლად ყოფნის შანს იყენებს ის, ვინც სოციალურად დაცულია.
სოციალური დაცვის უზრუნველყოფა თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფაა.
თავისუფლების, თანასწორობის, სამართლიანობის რეალურად დამკვიდრება თანამედროვე რთულ საზოგადოებაში შესაძლებელია მხოლოდ სოლიდარობის პრინციპის მაქსიმალური რეალიზებით საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
საზოგადოება და სახელმწიფო

 

სოლიდარული საზოგადოება და სოციალური სამართლიანობა

 

საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა ჩვენთან დროში დაემთხვა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის აღდგენას,  მსოფლიო მეურნეობრიობაში კი – გლობალიზაციისა და ნეოლიბერალური ეკონომიკური პროცესების ინტენსიფიკაციას.

 

ამ ფაქტორების რთული ურთიერთქმედების შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი წესრიგი, რომელშიც მოქალაქეები იძენენ სულ უფრო მეტ მნიშვნელობას, როგორც მომხმარებლები, მაგრამ კარგავენ შესაძლებლობებს, როგორც დემოკრატიულ უფლებათა მქონენი, რომელთაც ხელეწიფებათ მოახდინონ გავლენა მიმდინარე პროცესებზე, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის სფეროში.

 

საზოგადოება სოლიდარული ძალისხმევით უნდა უზრუნველყოფდეს კეთილდღეობას ყველასთვის და ამ კეთილდღეობის სამართლიან გადანაწილებას.

 

ჩვენ მივისწრაფვით საზოგადოებისკენ, რომელშიც არ არის უსამართლო პრივილეგიები, დისკრიმინაცია და ადამიანთა იზოლაცია.

 

ადამიანის ინდივიდუალური და სოციალური უფლებები ერთმანეთს ვერ ჩაანაცვლებენ, მათი ურთიერთდაპირისპირება არ შეიძლება.

 

მხოლოდ იქ, სადაც რეალიზებულია ადამიანის სოციალური უფლებები, საზოგადოების ყველა წევრს შეუძლია ინდივიდუალური უფლებებით სარგებლობა.

 

ადამიანები შრომობენ არა მხოლოდ შემოსავლისთვის, არამედ რათა შეიძინონ მათი ცხოვრებისთვის შესაბამისი სოციალური პროდუქტი,  შექმნან საფუძვლები მათი სოციო-კულტურული იდენტობისა, დაიკმაყოფილონ თავმოყვარეობა, თვითპატივისცემა. შრომითი შემოსავლის დაგროვების პოტენცია, შესაბამისად, არის უმთავრესი პირობა მოქალაქის თავისუფლების პოზიტიური უფლების განხორციელებისა.

 

ჩვენ ვეწინააღმდეგებით საბაზრო ფუნდამენტალიზმს, რომელიც ძირს უთხრის საზოგადოებრივ ღირებულებებს.

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ მთლიანობაში საბაზრო ეკონომიკას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე (განზომილებებში) უნდა შეასრულოს ცენტრალური (და მნიშვნელოვანი) როლი, როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებში.

 

მოქალაქეთა პასუხისმგებლობის გაზრდა საკუთარ ქმედებაზე უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს სახელმწიფოსაგან პასუხისმგებლობის მოხსნა და გადანაწილების იდეის დისკრედიტირება საზოგადოებრივ ცნობიერებაში.

 

ამგვარი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წესრიგის შემოქმედი და გარანტი უნდა იყოს საშუალო კლასი.

 

საქართველოში დღეს საშუალო კლასი მეტისმეტად მცირერიცხოვანია და ამიტომ ვერ უზრუნველყოფს ისტორიულად და ინსტიტუციურად მისი მთავარი ფუნქციების, მათ შორის სოციალური სტაბილურობის, ისტორიის უწყვეტობისა და საზოგადოების საერთო პერსპექტივის უზრუნველყოფის რეალიზებას.

 

საშუალო კლასი წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოების განვითარებისა და პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალას, სოციალური მდგრადობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტს.

 

ეკონომიკურად საშუალო კლასი არ არის სოციალურად და პოლიტიკურად საშუალო კლასი _ ის სოციალურად და პოლიტიკურად წამყვანი კლასი უნდა იყოს.

 

ფართო სოციალური წარმომადგენლობის მქონე საშუალო კლასის ფორმირება უნდა გახდეს პრიორიტეტი თანამედროვე სახელმწიფოსათვის.

 

ახალი სოციალური კონტრაქტი

 

დღეს საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს სოციალური ინსტიტუტები, რომლებიც ასრულებენ შუამავლის როლს (ფუნქციას) სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის.

 

სახეზეა ტრადიციული საზოგადოებრივი ღირებულებების ეროზია, ღირებულებრივ ორიენტირთა განუსაზღვრელობა და ბუნდოვანება. იზრდება მისწრაფება პერსონალური ავტონომიისა და ცხოვრების ყველა სფეროს ინდივიდუალიზაციისადმი.

 

იზრდება სოციალური უთანასწორობა და სოციალური ფრაგმენტაცია, ძლიერდება სოციალური გაუცხოების განცდა.

 

სოციალური ინსტიტუტებისადმი სრული უნდობლობის პირობებში ადამიანი რჩება მარტო გამოწვევების წინაშე და პასუხად ამ გამოწვევებისა წარმოიდგინება კონფორმიზმი და ადაპტაცია (დაყრდნობილი ინფანტილურ უიმედობაზე), ან ექსტრემისტული ანტისისტემური ქმედებები, რომელიც მიემართება რევოლუციური ოხლოკრატიისკენ, ეს კი, როგორც უკვე გამოცდილია, ავტორიტარიზმითა და ოლიგარქიული დიქტატით სრულდება.

 

ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი სახელმწიფო. მოქალაქეებს უნდა გვქონდეს განცდა, რომ არსებული სახელმწიფო ჩვენი სახელმწიფოა, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია (ან ჩვენი თანამოქალაქეების, რომლებიც ჩვენს ინტერესებსა და მისწრაფებებსაც ითვალისწინებენ).

 

საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წესრიგი უნდა დაეფუძნოს საზოგადოებრივ ხელშეკრულებას (სოციალური კონტრაქტი), რომელიც გაზიარებული იქნება მოქლაქეთა უდიდესი უმრვლესობის მიერ.

 

მოქალაქეები და სახელმწიფო უნდა აცნობიერებდნენ თავის უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას.

 

სამოქალქო დიალოგი უნდა გახდეს პოლიტიკის საფუძველი.

 

მთავრობას უნდა ჰქონდეს მხოლოდ პირობითი მანდატი მმართველობისა, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს საზოგადოებრივ ხელშეკრულებასთან თანხმობაში.

 

სოციალური ერთობის განცდის კულტივირება, ერთობლივი მოქმედებით უნდა იქნას უზრუნველყოფილი _ სამოქალაქო სფეროს არსებობა _ თავისი ფუნქციონირების ეთიკით, რომელიც დაცულია საბაზრო ძალების შემოჭრისგან.

 

ეს სოციალური სივრცე არ არის მხოლოდ ოჯახი, ან ახლობელთა წრე, იგი მოიცავს განათლების, ჯანდაცვის, კულტურის, სოციალური უზრუნველყოფის სფეროებს; ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას (გზები, კომუნიკაციები, ენერგეტიკა, ა.შ.).

 

იგი რეალიზდება ურთიერთქმედების კოლექტიურ ფორმებში (თემები, პროფკავშირები, ასოციაციები, ინტერესთა ჯგუფები, პარტიები).

 

სამოქალაქო სფეროში მთავარი ფასეულობაა არა ფულადი, არამედ ადამიანური, სოციალური კაპიტალი. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირობები ე.წ. საზოგადოებრივი სიკეთეების საყოველთაო და თანასწორი ხელმისაწვდომობისათვის.

 

საზოგადოებრივი სიკეთეები არის სიკეთეები, რომელთა მოხმარებაც შესაძლებელია ყველა ინდივიდისათვის, იმ ტერიტორიულ და პოლიტიკურ არეალში, სადაც ეს სიკეთეები ნაწილდება. არავინ არ და ვერ გამოირიცხება ამ სიკეთეების მოხმარებაში. ეს გამომდინარეობს ან ამ სიკეთეების ფიზიკური თავისებურებებიდან, ან სამართლებრივი და ლეგიტიმური ხასიათიდან. ასეთი სიკეთეებია მაგალითად ჰაერის სისუფთავე, სოციალური საარსებო მინიმუმი, ადამიანის უფლებების დაცვა, უფასო სწავლება და სხვა.
საზოგადოებრივი სიკეთეების თანასწორი ხელმისაწვდომობა არის უმნიშვნელოვანესი პირობა საბაზისო უფლებების უზრუნველსასყოფად.  უფლებები, ინსტიტუტები, სოციალური და პერსონალური უსაფრთხოება, სუფთა  ჰაერი თუ ხელშეუხებელი გარემო, ჯანდაცვა თუ განათლება – ეს არის საზოგადოებრივი სიკეთეები, რომლის თანასწორი მიწოდება ყველასათვის შეუძლებელია, მხოლოდ თვითრეგულირებადი ბაზრის მექანიზმების მეშვეობით და ცალკეული ინდივიდების შეთანხმებით. საზოგადოებრივი სიკეთეებით უზრუნველყოფა პოლიტიკურ ნებასა და მოქმედებაზეა დამოკიდებული, რაც უნდა დაეყრდნოს სოლიდარობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპებს.

ე კ ო ნ ო მ ი კ ა

 

ეკონომიკა უდნა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს და არა საზოგადოება ეკონომიკის ინტერესებს. ჩვენი ორიენტირია სოციალური და სოლიდარული საბაზრო ეკონომიკა.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის იმგვარი გზა, რომელსაც დღემდე ადგას საქართველო, ვერ მიგვიყვანს მაღალეფექტიან და სასურველი სოციალური შედეგების მქონე ეკონომიკურ სისტემამდე.

 

ჩვენი აზრით დაბალი ნიშნული, საიდანაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა დაიწყოს, არის არა მარტო პრობლემა, არამედ იმის გარკვეული რეზერვი და შანსი, რომ განვითარებული ქვეყნების ტექნოლოგიური მიღწევებისა და ინსტიტუციური მექანიზმების გამოყენებით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით, მეურნეობის შიდა და გარე პირობების უნარიანი შეხამებით _ მივაღწიოთ ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპებს და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამორჩენილობის სწრაფად დაძლევა.

 

ჩვენი მთავარი მიზანია სოციალურად ორიენტირებული, კოორდინირებული შერეული ეკონომიკის შექმნა.

 

შერეული ეკონომიკა ნიშნავს, რომ მიღწეულია საკუთრების ფორმების პლურალიზმი, საბაზრო და კოორდინირების მექანიზმების შეთანხმებული ფუნქციონირება. საკუთრების ნებისმიერი ფორმის პროგრესულობას განსაზღვრავს არა იდეოლოგიური კლიშე, არამედ მისი რეალური ეფექტიანობა. კერძო საკუთრება ეკონომიკური სისტემის საფუძველია, თუმცა მის გვერდით არსებობს და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს საკუთრების კოლექტიური და სახელმწიფო ფორმები. სახელმწიფო წამყვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი სიკეთეების დაცვაში, შექმნასა და განაწილებაში. საზოგადოებრივი სიკეთეები ის სიკეთეებია, რომელთა მოხმარებაც შესაძლებელია ყველა ინდივიდისათვის, იმ პოლიტიკურ და ტერიტორიულ არეალში, სადაც ეს სიკეთეები ნაწილდება. არავინ არ და ვერ გამოირიცხება ამ სიკეთეების მოხმარებაში, რაც გამომდინარეობს ან მათი ფიზიკური თავისებურებებიდან, ან სამართლებრივი და ლეგიტიმური ხასიათიდან. ასეთი სიკეთეებია: სუფთა ჰაერი და ჯანსაღი გარემო, სოციალური საარსებო მინიმუმი, ჯანდაცვა, უფასო განათლება და სხვა. საზოგადოებრივი სიკეთეების თანასწორი ხელმისაწვდომობა ადამიანის საბაზისო უფლებების რეალიზაციის უმნიშვნელოვანესი პირობაა. სახელმწიფო საკუთრების საფუძველზე ხშირად ხდება ქვეყნისთვის უმნიშნელოვანესი სფეროებისა, მიმართულებებისა და პროექტების განხორციელება.

 

ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს მკაფიოდ ფორმულირებული და კანონის ძალის მქონე ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო და კერძო პოლიტიკების კოორდინირებულ ჯამს (საინოვაციო, აგრარული, გარემოსდაცვითი, ენერგეტიკული, სამეცნიერო, მცირე ბიზნესის, საინვესტიციო, განათლების, საინფორმაციო და სხვ.). მისი შესრულება გარანტირებული უნდა იყოს ერთის მხრივ პოლიტიკის ფარგლებში ეკონომიკური სუბიექტების სრული თავისუფლებითა და უსაფრთხოების გრძნობით, მეორეს მხრივ კი სახელმწიფოს მიერ შემოღებული წამახალისებელი ღონისძიებების სისტემით.

 

ეკონომიკის კოორდინირებულობა ნიშნავს:

 

სახელწიფოს აქტივობას ზოგადეროვნულ და ადგილობრივ (ლოკალურ) დონეებზე, როგორც ეკონომიკურ, ასევე სოციალურ სფეროებში.
ეკონომიკური სისტემის (წესრიგის) სპეციფიური ურთიერთთავსებადი წესით დაკავშირებას სოლიდარულ საზოგადოებრივ წესრიგთან. ამგვარ სისტემაში არსებობს დაბალანსებული, გაწონასწორებული დამოკიდებულება დამქირავებლებს, დაქირავებულებსა და სახელმწიფოს შორის (ე.წ. ტრიპატრიდის პრინციპი).
ნეოლიბერალური რწმენის საპირისპიროდ, რომ არაკოორდინირებული საბაზრო ეკონომიკები უკეთესად პასუხობენ საფინანსო და სასაქონლო ბაზრების გლობალურ ინტეგრაციას, უახლესი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კოორდინირებული საბაზრო ეკონომიკები საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში უფრო წარმატებულნი არიან.

 

კოორდინირებული ეკონომიკა გულისხმობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისა და ინსტიტუტების ინეტერსების დაბალანსებას, დასაბუთებულ და მკაფიოდ ფორმულირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც წარმოადგენს კერძო პოლიტიკების ჯამს (საინოვაციო, აგრარული, გარემოსდაცვითი, ენერგეტიკული, მცირე ბიზნესის, საინვესტივიო და სხვ.)

 

პრიორიტეტებზე დამყარებული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება რთულია, ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სახელმწიფო მოხელეების პროფესიულ მომზადებაზე, უცხოური გამოცდილების შესწავლაზე, მართვის სამეცნიერო მხარდაჭერაზე.

 

სათანადო სიმაღლეზე უნდა დადგეს მაკროეკონომიკური მართვის უზრუნველმყოფი ინსტიტუტების საქმიანობა (ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ანტიმონოპოლური სამსახური, სტატისტიკური სამსახური და სხვა). უნდა გამოირიცხოს მათი ხშირი რეორგანიზაცია და ხელი შეეწყოს მუშაობის განუწყვეტელ სრულყოფას.

 

ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, რომლის პირველ ეტაპად შესაძლებელია განხილულ იქნას რეგიონული კონკურენტუნარიანობის მიღწევა. წამახალისებელ ღონისძიებათა სისტემა (საგადასახადო, საბიუჯეტო, საკრედიტო, საგრანტო, სამეცნიერო მხარდაჭერებისა და სხვ.) ხელს უნდა უწყობდეს შემდეგ ურთიერთდაკავშირებულ და აპრობირებულ

მიმართულებებს:

 

ფაქტორებით მართული ეკონომიკიდან ჯერ ინვესტიციებით მართულ ეკონომიკაზე, ხოლო შემდეგ ინოვაციებით მართულ ეკონომიკაზე გადასვლა. აქედან გამომდინარე უნდა განისაზღვროს ინვესტიციური პოლიტიკის მიმართულებები და განსაკუთრებით შეეწყოს ხელი ადგილობრივ ინვესტიციებს, ფასიანი ქაღალდების თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებას. პრიორიტეტულ ამოცანად უნდა ჩაითვალოს ახალი ტექნოლოგიების შექმნა და ათვისება, ვენჩურული ფირმების განვითარება.
საესპორტო პროდუქციის შექმნისა და რეალიზაციის წახალისება: ეფეექტიანი მოდერნული ეკონომიკის ფუნქციონირება საქართველოში მძლავრი ექსპორტის გარეშე შეუძლებელია. ექსპორტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს რეგიონალურ ბაზრებზე. გლობალიზაციის ეპოქაში განვითარებულმა პროცესებმა დაგვანახა, რომ რეგიონალურ თანამშრომლობას ალტერნატივა არა აქვს, განსაკუთრებით ისეთი ეკონომიკებისთვის, როგორიც საქართველოა. მთავარ პარტნიორებად ამ თვალსაზრისით შეიძლება განხილული იყოს ჩვენი უახლოესი  მეზობლები და ევროკავშირი;
სოფლის მეურნეობა: საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად უნდა იქნას განხილული სასოფლო სამეურნეო პროდუქცია. დღეისათვის ამ თვალსაზრისით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. სასოფლო სამეურნეო პროდუქცია არათუ წარმოადგენს ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს, არამედ შიდა ბაზარზეც მეტად მოკრძალებული ადგილი უკავია. კერძოდ, ერთი დოლარის ღირებულების ეროვნულ პროდუქციაზე 4 დოლარის ღირებულების უცხოური პროდუქცია მოდის. გარემოსდამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენებით, ეკოლოგიური სავაჭრო ნიშნის მქონე პროდუქციის წარმოება, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის აგრარული შემადგენლის უნიშვნელოვანეს პრიორიტეტად უნდა იქცეს. სოფლის მეურნეობა არ წარმოადგენს მხოლოდ საკვებისა და ნედლეულის წარმოების დარგს. სოფლის მეურნეობის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი პროდუქტი არის ცოცხალი პროცესის შედეგი და წამროების მთავარი საშუალება ცოცხალი ნიადაგია. მიწათმოქმედება ოდითგანვე იყო ქართული კულტურის გენერატორი, სოფელი კი ის ადგილი, სადაც, სულიერი და მატერიალური ცხოვრების შედეგად, ეროვნული რაობა, ტრადიციები ყალიბდებოდა და ნარჩუნდებოდა. სოფლის, როგორც სოციალური ფენომენისა და სოფლის მეურნეობის _ საქართველოს ეკონომიკის ერთ ერთი წამყვანი და სტრატეგიული დარგის მიმართ უყურადღებო სახელმწიფო პოლიტიკის გამო ქვეყნის აგრარული პოტენციალი არ არის სათანადოდ ათვისებული და სოფელი დგას მოსახლეობისგან დაცლის საშიშროების წინაშე. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს ზრუნვა სოფლის მიმართ, ხელი უნდა შეუწყოს ფერმერული მეურნეობის აღორძინება-განვითარებას, კოოპერაციას, აგროინდუსტრიულ ინტეგრაციას, ინოვაციებს, სასოფლო თემების ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, რაც სოფლის მაცხოვრებლებს თვითრეალიზაციის, დამატებითი პროდუქციის წარმოების საშუალებას მისცემს და შეუქცევადს გახდის სოფლის აღორძინების პროცესს.
საშუალო კლასი. ეკონომიკური პოლიტიკის ერთ ერთ პრიორიტეტად ჩვენ საშუალო, მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება მი

გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები