კონტაქტი
Social democrats
თამჯდომარე

ბიოგრაფია

გია ჟორჟოლიანი დაიბადა 1954 წლის 20 ნოემბერს თბილისში, ქართველი ინტელიგენტების – გიორგი ჟორჟოლიანისა და ლეილა შელიავას ოჯახში.

 

1976 წელს დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.  1977 წლიდან დღემდე იგი მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისში გია ჟორჟოლიანი ძირითადად მუშაობდა საქართველოს, ირანისა და ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ისტორიისა და კულტურის პრობლემებზე. 1983 წელს დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.

 

1995 წლიდან გია ჟორჟოლიანის სამეცნიერო ინტერესების სფერომ პოლიტიკური მეცნიერებებისკენ გადაინაცვლა. იგი ინტენსიურად სწავლობდა დემოკრატიზაციის პროცესში მყოფ ქვეყნებს. ამ მიმართულებით მუშაობდა საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში: 1996 წელს – პარიზში, ჟორჟ დიუმეზილის სახ. კავკასიის შედარებითი კვლევების ცენტრში, 2000 წელს -  მოსკოვში,  რუსეთ-ბრიტანეთის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში.

 

1996 წლიდან დღემდე უძღვება არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაციის „საზოგადოების კვლევის ცენტრი“ სამეცნიერო საბჭოს. მისი ხელმძღვანელობით ცენტრმა ჩაატარა მთელი რიგი კვლევები, მათ შორის შეისწავლა მეწარმეობაზე კორუფციის ზემოქმედების, სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის პრობლემები და სხვა. მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, არის სხვადასხვა გამოცემათა რედაქტორი, სამეცნიერო შრომების, მონოგრაფიების, თარგმანებისა თუ სტატიების ავტორი და გამომცემელი.

 

პოლიტიკური მოღვაწეობა:

 

80-იანი წლების ბოლოდან, მას შემდეგ რაც სერიოზული ცვლილებები დაიწყო სსრკ-ში, გია ჟორჟოლიანი აქტიურად ჩაერთო საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

ალექსანდრე ჯავახიშვილის, მერაბ მამარდაშვილის, ნოდარ ნათაძის, ელდარ შენგელაიასა და საქართველოს სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გვერდით, გია ჟორჟოლიანი იყო საქართველოს სახალხო ფრონტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ფუძემდებელი.

 

1992-95 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრობისას გია ჟორჟოლიანის ინიციატივითა და  ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა პარლამენტის კვლევითი სამსახური, რომელიც დღემდე მოქმედებს და ახორციელებს პარლამენტის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას.

 

გია ჟორჟოლიანი “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი იყო.  მოგვიანებით ჟორჟოლიანისთვის ცხადი გახდა, რომ „მოქალაქეთა კავშირი“ ჩამოყალიბდა არა როგორც სახალხო-ეროვნული მოძრაობა, რომელსაც უნდა შემოეკრიბა საზოგადოების ფართო ფენები და ეს მოზრაობა გაეხადა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღმშენებელი, არამედ განვითარდა როგორც აპარატული, ბიუროკრატიული ტიპის  პარტია. 1995 წელს გია ჟორჟოლიანმა უარი თქვა მოქალაქეთა კავშირის სიით პარლამენტში შესვლაზე, დატოვა როგორც პარტია, ასევე, ცოტა ხანში, პოლიტიკაც და დაუბრუნდა მეცნიერულ და საზოგადოებრივ მუშაობას.

 

1998 წელს გია ჟორჟოლიანი იყო პოლიტიკური ორგანიზაცია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი.

 

2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ გია ჟორჟოლიანმა მიიღო პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება და საფუძველი ჩაუყარა  ევროპული ტიპის, მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. მეცნიერებისა და საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენელ თანამზრახველებთან ერთად გია ჟორჟოლიანმა 2010 წლის ინვისში დააფუძნა პოლიტიკური ორგანიზაცია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“.

 

ოჯახური მდგომარეობა:

 

მეუღლე, თინა ზალდასტანიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატია. ვაჟი _ გიორგი  35 წლის და  ქალიშვილი – ქეთი 28 წლის.

 

გახდი თანამონაწილე
თანამოაზრეები