ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება

რა ელის ქართულ ეკონომიკას, თუ გართულებული ეპიდსიტუაციის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს გაამკაცრებს, საწარმოებს გააჩერებს, დიდ და მცირე ბიზნესს კი კვლავ იძულებით მოუწევს გაჩერება? გადაიტანს თუ არა ქართული ეკონომიკა კიდევ რამდენიმეთვიან სტაგნაციას? ამ კითხვით ეკონომიკის ექსპერტს დავუკავშირდით.

ეკა ლეკაშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი:

– იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა და მთავრობამ ქვეყანა კვლავ ჩაკეტა, გააჩერა მოქმედი ბიზნესი, საფრთხე დაემუქრა ექსპორტ-იმპორტს, ქართულ ეკონომიკას ძალიან გაუჭირდება – თუმცა, არა მგონია, ასე მოხდეს.

– რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს?

– ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება. პირველად, როდესაც არაფერი ვიცოდით კოვიდ 19-ზე, დაავადებათა მატება შოკი იყო როგორც მოსახლეობისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. რადგან ადამიანის ჯანმრთელობა უპირველესი ფასეულობაა, განუსაზღვრელობის პირობებში, ჩვენმა ხელისუფლებამაც, სხვა ქვეყნების მთავრობების მსგავსად, გადაწყვიტა ხისტი ზომების გამოყენება. სიტუაცია, რომელიც საომარ მდგომარეობას შეადარეს – როგორც უხილავ მტერთან ომი – ყოველთვის ხასიათდება ავტარკიული პოლიტიკის გაძლიერებით. ეს ისტორიიდან კარგად არის ცნობილი. ამჟამად, ხელისუფლებას პანდემიური კრიზისის მართვის გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა, ამიტომ მართვის ფორმები შერბილდება. მკვეთრად გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ეკონომიკურ მაჩვენებლებშიც აისახება, აიძულებს მთავრობას, რომ ეპიდსიტუაციის მართვის პარალელურად იზრუნოს ეკონომიკის გაჯანსაღებაზე.

– პანდემიის პირობებში პრიორიტეტით რომელი სფეროები ისარგებლებს?

– ფორსმაჟორში, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში უსაფრთხოების, პრიორიტეტით კი სურსათით უზრუნველყოფა და ჯანდაცვა სარგებლობს. მაგრამ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ეტაპზე ხისტი პოლიტიკური მიდგომები,ხელისუფლებას არ გამოადგება. საბაზისო /სასიცოცხლოდ აუცილებელ დარგებთან ერთად ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთი დარგებზე, რომელთა ფუნქციონირება შედარებით უსაფრთხო იქნება ამ გართულებულ ეპიდსიტუაციაშიც კი. სადაც შესაძლებელია,მაქსიმალურად უნდა მოხდეს საქმიანობის დისტანციური ფორმების ამოქმედება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოცემული მდგომარეობა ცვლის ცხოვრების წესს და ჩვენც უნდა გადავეწყოთ ახალი მოთხოვნების საპასუხოდ. ამ სიტუაციაში, რათქმაუნდა, იზრდება სახელმიფოს როლი ყველა მიმართულებით, მაგრამ იმავდროულად იზრდება პასუხისმგებლიანი, თვითმენეჯმენტის უნარების მქონე ინდივიდების საჭიროება. საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს არამარტო მაღალი პასუხისმგებლობა რეკომენდაციების დასცვისას, არამედ შეაფასოს საკუთარი როლი ამ სიტუაციაში და იმოქმედოს როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელმა ინდივიდმა. ეს მდგომარეობა დროებით, გამოსავლის პოვნამდე, მოითხოვს გარკვეული ინდივიდუალური მოთხოვნების, უფლებების და საჭიროებების ნებაყოფლობით მორგებას საზოგადოებრივ ინტერესებთან და ამ პროცესში სწორედ პასუხისმგებლიანი ინდივიდის ფენომენი ჩნდება. სხვა შემთხვევაში – მოქმედებს იძულებითი მეთოდები და მყარდება დიქტატურა. ამასთანავე, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს კვლევის დაწყება, როგორ იმოქმედოს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად….

– კვლევას საკმაო დრო სჭირდება, ქვეყანაც და მისი მთავრობაც ცაიტნოტშია, გვაქვს კი კვლევის ფუფუნება?

– კოვიდ 19 კიდევ კარგა ხანს, მინიმუ 2 წელი იქნება ჩვენი რეალობა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ დაგვიგროვდა გარკვეული ცოდნაცა და გამოცდილებაც, ასე რომ, კვლევაც მოესწრება და შედეგების გაანალიზებაც. ამასთან, მნიშვნელვანია ხელისუფლების, მეცნიერების, ბიზნესის და ინტერესთა სხვა ჯგუფების წარმომადგენლების თანხმობის არსებობა პოსტპანდემიური ეკონომიკის განვითარების საკითხზე – ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან დღევანდელ მდგომარეობას ბევრი მეცნიერი ,,წესრიგის“ რღევად, ,,უწესრიგობად“ აღიქვამს. ამიტომ ასეთ პირობებში ძალიან გართულდება რაიმე ქმედუნარიანი სტრატეგიის შემუშავება და ამოქმედება, თუ არ იყო საზოგადოებრივი თანხმობა. ჩვეენ გვაქვს რესურსები, იმისთვის,რომ ქვეყანამ ეფექტიანად მართოს კრიზისი სწორი, გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკით და დარწუნებული ვარ, გამოუვალი ჩიხი, ამ რთული ეპისიტუაციის პირობებშიც კი, არ გვემუქრება.

X