მარინა მუსხელიშვილი: „დღეს ქვეყანას სჭირდება არა ტექნოკრატები, არამედ პოლიტიკური ლიდერები, ვინც იტყვის – დიახ, უნდა გავბედოთ და ახალ გზას დავადგეთ, სხვა საქართველო შესაძლებელია.”

10 სექტემბერს ,,ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსებმა არაერთგვაროვნად შეაფასეს. თუ  მმართველი პარტიის ოცეულის პირველი ხუთეული, მათ შორის პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატები,  ქართველი ამომრჩევლისთვის მოქმედი და კარგად ნაცნობი სახეები იყვნენ, სიურპრიზი აღმოჩნდა ,,ქართული ოცნების“ ახალი სახეები, რომელთა უმრავლესობაც სახელისუფლო პარტიას  ძირითადად 2014-2018 წლებში შეუერთდა.

პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითრებისთვის“ ლიდერი მარინა მუსხელიშვილი ,,ქართული ოცნების“ პროპორციულ სიას ასე აფასებს:

,,ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ოცკაციან სიაში თითქმის ყველა ერთი თაობისაა, უმეტესობა ან იურისტი ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.  ახალი და ახალგაზრდა სახეები, როგორც ჩანს, პოლიტიკის განახლებაზე უნდა მიანიშნებდნენ საზოგადოებას – ასეთი იყო, უნდა ვივარაუდოდ, ივანიშვილის ჩანაფიქრი.

მაგრამ პარადოქსულად, ეს არის სწორედ ის თაობა და ის გუნდი, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის მზად ცვლილებებისთვის. მათ არ ენდომებათ და არ შეეძლებათ შეცვალონ განვითარების ის მიმართულება, რომელსაც იცნობენ და რომელშიაც წარმატებას მიაღწიეს.

არადა საქართველოში და მსოფლიოში ცვლილებების დრო დგება. დღეს ქვეყანას სჭირდება არა ტექნოკრატები, არამედ პოლიტიკური ლიდერები, ვინც იტყვის -დიახ, უნდა გავბედოთ და ახალ გზას დავადგეთ; დიახ, სხვა პერსპექტივებიც არსებობს, სხვა საქართველო შესაძლებელია!

პოლიტიკის განახლება აუცილებლია, მაგრამ ის მოხდება არა თაობების ცვლით, არამედ ახალი იდეებისა და ხედვების გამარჯვებით.  მხოლოდ ასე დამთავრდება საზოგადოებისთვის მიუღებელი ის ვითარება, რომელშიაც დღეს ვიმყოფებით.

 

X