
ავთანდილ სულაბერიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. არის 150-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 7 მონოგრაფიის. არის IUSSP (მსოფლიო მოსახლეობის კვლევის საერთაშორისო კავშირი) და EAPS (ევროპის დემოგრაფთა ასოციაცია) წევრი;
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კომიტეტთან არსებული დემოგრაფიული კომისიის წევრი; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დაბერების საკითხებთან დაკავშირებული გეგმის შემუშავების მრავალსექტორული ჯგუფის წევრი; საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი; საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციის წევრი; ჟურნალ „ეკონომისტის“ რედკოლეგიის წევრი; დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიის სარედაქციო კოლეგიის წევრი; იტალიის სტატისტიკური საზოგადოების SIS Italian Statistics Society-ს წევრი. ამერიკის ჰოვარდის ცენტრის და ოჯახთა მსოფლიო კონგრესის საერთაშორისო კვლევების ჟურნალის „The Natural Family: An International Journal of Research and Policy“ რედკოლეგიის წევრი.
აღსანიშნავია, რომ 2007 წელს, ა. სულაბერიძის წინადადება, შობადობის ასამაღლებლად მესამე და შემდგომი შვილის ნათლობის შესახებ, მოიწონა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-ემ და გამოვიდა ინიციატივით მის მიერ მესამე და შემდგომი შვილის მონათვლის თაობაზე, რამაც მნიშვნელოვანი დემოგრაფიული შედეგი მოიტანა.
მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს დემოგრაფიის, ოჯახის სოციოლოგიის, მიგრაციის, სოცილურ-დემოგრაფიული პოლიტიკის საკითხებს. მისი თანავტორობით გამოცემულია სახელმძღვანელოები „დემოგრაფია“ და „ოჯახის სოციოლოგიის საფუძვლები“. არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. მისი შრომები გამოქვეყნებულია რეიტინგულ ჟურნალებში, რომელთაგან აღასანიშნავია 2020 წელს Springer-ში გამოქვეყნებული სტატია „Migration Trends and Migration Potential of Georgia’s Population“.
არის აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლის მონაწილე. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
ავთანდილ სულაბერიძე: „მრავალი შვილი ერს გადაარჩენს, ხოლო მწარმოებლური ოჯახი გააძლიერებს ქვეყანას.“