შევქმნათ სოლიდარობის საყოველთაო ფონდი!

ადამიანს რომ დაეხმარო, აუცილებელი არ არის იყო მდიდარი, აუცილებელია იყო სოლიდარული!
უეჭველია, რომ
– აუცილებლად შემცირდება საბიუჯეტო შემოსავლები: ვინც სამუშაოს დაკარგავს, ვეღარ მიიღებს ხელფასს (შემოსავალს) და შესაბამისად არ გადაიხდის გადასახადს;
– აუცილებლად გაიზრდება საბიუჯეტო ხარჯები: პირველ რიგში ჯანდაცვის მიმართულებით: პრევენცია, მკურნალობა, ფარმაცია, ინფრასტრუქტურა… ასევე უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით.

– აუცილებლად შემცირდება ან გაქრება იმ ადამიანების შემოსავლები, ვინც დაკარგავს სამუშაოს – ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი შესაბამისად დაკარგავს არა მხოლოდ შემოსავალს, არამედ საარსებო წყაროს.
ამ გამოწვევებთან გამკლავება, ჩვენ ცალ-ცალკე, თითოეულ ინდივიდს ძალიან გაგვიჭირდება, ხოლო დიდი ნაწილისთვის შეუძლებელი იქნება. მათთან გამკლავება მხოლოდ საერთო კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი. ასეთი მოქმედება, აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება და კოორდინირება, შეუძლია მხოლოდ სახელმწიფოს (ანუ მთავრობას).
რა შეუძლია საზოგადოებას, ყოველ ჩვენთაგანს?
მხოლოდ ის, რომ დავემორჩილოთ მიღებულ წესებს და ზედმიწევნით ზუსტად შევასრულოთ ისინი? დიახ, ეს აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისია. საზოგადოება, თითოეული მოქალაქე, ინდივიდი აქტიურად უნდა ჩაერთოს არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაში და იყოს არა მხოლოდ პასიური შემყურე მიმდინარე პროცესისა.
რა შეიძლება გაკეთდეს საზოგადოების, თითოეული მოქალაქის მიერ?

საზოგადოების დიდი ნაწილი, უმეტესობა ჩვენგანი აგრძელებს მუშაობას – თითქმის სრულად საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები და კერძო სექტორის რიგი მიმართულებები. არც ეთიკური, არც ჰუმანური და არც პატრიოტული არ იქნება, რომ კორონა ვირუსის შედეგად გამოწვეული სიდუხჭირე შეეხოს მხოლოდ ტურისტულ სექტორს, ტრანსპორტის, მომსახურების და წარმოების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ეს ტვირთი ყველამ უნდა გავინაწილოთ.

ჩვენი წინადადებაა, შეიქმნას სოლიდარობის ფონდი, რომელშიც ყველა ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა სამსახური და შემოსავალი, შეიტანს სავალდებულო შენატანს თავისი შემოსავლის შესაბამისად: ვისაც ნაკლები აქვს შემოსავალი – ნაკლები, ვისაც მეტი – მეტი პროცენტული ოდენობით. ეს თანხები უნდა მოხმარდეს იმ ადამიანთა მინიმალურ კომპენსაციებს, ვინც დაკარგა სამსახური.

რა თქმა უნდა, ზემოხსენებულ ამოცანებს ეს თანხები ვერ გადაწყვეტს. მათი გადაწყვეტისთვის აუცილებელი იქნება სესხები, საბიუჯეტო მიმართულების კორექტირება და სხვა ბევრი ღონისძიება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი უსწრაფესად უნდა განხორციელდეს. ამ მიმართულებით მთავრობა ჯერ-ჯერობით აქტიურად მუშაობს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მაქსიმალურად აამოქმედებს იმ მწირ შესაძლებლობებს, რასაც ჩვენი ეკონომიკა და მმართველობითი სისტემა იძლევა.

დღეს, საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ სიტყვებით გავამხნევოთ ერთმანეთი, არამედ ვიმოქმედოთ და საქმით დავეხმაროთ ერთმანეთს.

სოლიდარობა და თანადგომა – ის უმთავრესი ღირებულებებია, რომლებიც დაეხმარება თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს ქვეყანას – გია ჟორჟოლიანი

X