სოციალ-დემოკრატიული განვითარება

ნიშნავს სამართლიან გადასახადებს!

გადასახდების  მეშვეობით  ჩვენ  ყველანი  ვმონაწილეობთ  საერთო სახელმწიფოებრივ  საქმიანობაში,  ქვეყნის  განვითრებაში.  თუმცა  დღეს საგადასახადო  ტვირთი  უფრო  მძიმედ  ღარიბ  და  ნაკლებშემოსავლიან უმრავლესობას აწვება, ვიდრე მდიდართა ვიწრო წრეს. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს.

ჩვენი  საგადასახადო  რეფორმის  მიზანია,  დავამკვიდროთ  სოციალ-დემოკრატიულ  პრინციპებზე  დაფუძნებული პროგრესული  დაბეგვრის რეჟიმი, სადაც დაბალი შემოსავალი უფრო ნაკლებად დაიბეგრება, ვიდრე მაღალი.

  • თვეში 500 ლარამდე შემოსავალი დაიბეგრება 10%-ით;
  • თვეში 500-დან 3000-მდე შემოსავალი დაიბეგრება 20%-ით;
  • თვეში 3000-დან 10 000 ლარამდე შემოსავალი დაიბეგრება 30%-ით;
  • თვეში 10 000-დან და ზევით შემოსავალი დაიბეგრება 40%-ით.

→ დაბეგვრის ასეთი რეჟიმის შემოღების შედეგად:

  • გადასახადის გადამხდელთა 95%-ზე მეტს შეუმცირდება გადასახადები;
  • გადასახადის გადამხდელთა მხოლოდ 5%-ს უმნიშვნელოდ მოემატება გადასახადები;
  • ყველაზე მეტ  შენატანს  ბიუჯეტში  გააკეთებენ  ყველაზე  მდიდარი ადამიანები (0,5%).

→ ასევე შევცვლით ქონების გადასახადის განაკვეთებს:

  • წელიწადში 50 000-დან 100 000-მდე შემოსავლის პირობებში ქონება დაიბეგრება 0.2%-ით;
  • 100 000-დან 500 000-მდე – 0.5%-ით;
  • 500 000-დან 1 000 000-მდე -1.5%-ით;
  • 1 000 000-ზე მეტი – 2%-ით.

დღევანდელი  მდგომარეობისგან  განსხვავებით,  ქონების  გადასახადს გადაიხდიან მოქალაქეები, რომელთაც 50 ათას ლარზე მეტი შემოსავალი ექნებათ (დღეს ეს ზღვარი 40 ათასამდეა).

→ ამ რეფორმის შედეგად ბიუჯეტი ყოველწლიურად დამატებით მიიღებს დაახლოებით 500 მილიონ ლარს.

ბიუჯეტში შემოსული დამატებითი თანხები მოხმარდება:

  • დაჩქარებულ ინდუსტრიალიზაციას,  აგრარულ  და  ტექნოლოგიურ განვითარებას;
  • განათლებასა და მეცნიერებას;
  • მწვავე სოციალური პრობლემების მოგვარებას.

სოციალ-დემოკრატიული  საგადასახადო  რეფორმა  საბოლოოდ დაანგრევს მოსახლეობის მცირე ნაწილის ხელში ფინანსური რესურსების გადამეტებულ  კონცენტრაციას,  რომელსაც  დღემდე  არ  მოუტანია  არც საკმარისი  ეკონომიკური  ზრდა,  არც  უმუშევრობის  შემცირება,  არც ინვესტიციები  რეგიონებში,  სოფლის  მეურნეობასა  და  მრეწველობაში; მხოლოდ ღარიბი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას შეუწყო ხელი;

სოციალ-დემოკრატიული  საგადასახადო  რეფორმა  საბოლოოდ დაანგრევს ველური  კაპიტალიზმის  პრინციპებზე  მორგებული გადასახადების   მანკიერ   სისტემას,   რომელიც   მიმართულია მდიდრებისათვის  გადასახადების  მაქსიმალური  შემცირებისაკენ  და სახელმწიფო  ბიუჯეტის  შევსებას  საშუალო  და  დაბალი  შემოსავლების მქონე მოქალაქეთა ხარჯზე ახდენს;

სოციალ-დემოკრატიული  საგადასახადო  რეფორმა  საბოლოოდ დაამკვიდრებს სახელმწიფოს მიერ გადასახდების დაწესებას მოქალაქეთა განსხვავებული  ეკონომიკური  მდგომარეობის  გათვალისწინებით; გადასახადებიდან  მიღებულ  შემოსავლებს  კი  ქვეყნის დაჩქარებული განვითარების  სოციალ-დემოკრატიული  პრინციპების  შესაბამისად წარმართავს.

ჩვენი  რეფორმა  უზრუნველყოფს  უსამართლობის აღმოფხვრას,  უთანასწორობის  შემცირებასა  და სოლიდარობაზე   დაფუძნებულ   განვითარებას ყველასთვის!

X