ნათია ქევხიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალები სამართლიანობისთვის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სადაც დღესდღეობით 5000-მდე  წევრია გაერთიანებული. მისი დაუღალავი შრომის შედეგია, ის, რომ საერთაშორისი ფონდების დახმარებით (ფრიდრიხ ებერტისა და მაქს ვანდერსტოელის ფონდები), მრავალი ქალი, საქართველოს ყველა კუთხიდან, ყოველწლიურად გადის მომზადებას  იმისათვის, რომ აქტიურად ჩაერთოს თავისი რაიონის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში;  მისი ინიციატივით, საქართველოს თემებსა და სოფლებში დაარსდა 500-მდე „ქალთა სახლი,“ სადაც ქალები არამარტო აზრებს უზიარებენ ერთმანეთს, არამედ თავიანთი ინიციატივით სამუშაო ადგილებსაც ქმნიან. ასეთი „ქალთა სახლებია“ ვაზიანში (ხელმძღვანელი – ნონა მარტიაშვილი), ზესტაფონში (ია გამცემლიძე), ცაგერში (ნინო ლიპარტელიანი), ალვანში (ეკა ტაბახმელაშვილი). მან დაამყარა კავშირი ამერიკის ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან, რომლის დახმარებით ათასობით გაჭირვებულ ადამიანს უწევს მატერიალურ დახმარებას ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, სურსათით, ინვალიდის ეტლებით, საბავშვო სათამაშოებითა და სხვა მრავალი რამით. მაგრამ ყველაზე დიდი საქმე, რაც მისი თაოსნობით გაკეთდა, არის ის, რომ მან უამრავ ქალს გაუხსნა სოციალური აქტივობის გზა, მრავალმა დიასახლისმა სულ სხვა კუთხით დაინახა თავისი შესაძლებლობები, მრავალი მათგანის  ცხოვრება შეიცვალა სასიკეთოდ.

ნათია ქევხიშვილი: „საქმე იმაში კი არ არის თუ რამდენი ქალი გვეყოლება პარლამენტში, არამედ იმაში თუ რამდენად სწორად წარმოუდგენიათ მათ ქვეყნის მომავალი: თუ ისევ კერძო ბიზნესის ამარად ენდომებათ ყოფნა, მაშინ ასეთები არც ქალები გვინდა და არც კაცები. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მე კარგად ვიცნობ თუ რა განწყობაა ამ მხრივ საქართველოს ყველა კუთხეში, გაჭირვებულ თუ დალხინებულ ოჯახებში და არავინ მინახავს ისეთი, ვინც ოდნავ მაინც მხარს უჭერდეს იმ პოლიტიკას, რომელმაც გაანადგურა ჩვენი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ სოციალ-დემოკრატებთან, მათი უანგარო დახმარებით ვასწავლეთ ათასობით ქალს სახელმწიფოს მოწყობის წესები, მაგრამ დღეს თუ სოციალ-დემოკრატებს მხარს ვუჭერთ, არა იმიტომ, რომ დახმარება გაგვიწიეს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ სოციალ-დემოკრატიული ხედვა გულისხმობს ისეთი სახელმწოფოს შექმნას რომელიც გარედან მაყურებლის როლში არასოდეს იქნება საკუთარი მოქალაქეების გაჭირვების მიმართ, ქართველ სოციალ-დემოკრატებს კი, დღეს გაჩნიათ ის ინტელექტუალური რესურსი, რომელსაც შესწევს უნარი რეალობად აქციოს ასეთი სახელმწიფოს იდეა.“

X