მარინა მუსხელიშვილი – დაამთავრა კომაროვის სახელობის მათემატიკური სკოლა, შემდგომ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი და თსუ-ის ასპირანტურა, სადაც დაიცვა დისერტაცია. წლების მანძილზე მუშაობდა თსუ-ის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, კითხულობდა ლექციებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი ინტერესის სფერო გახდა პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებები, ამიტომ გადაწყვიტა სპეციალობის შეცვლა. ამჟამად იგი გახლავთ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სრული პროფესორი. უძღვება ამ ფაკულტეტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება“. არის მრავალი სამეცნიერო მონოგრაფიისა და პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის სტატიებისა წამყვან უცხოურ აკადემიურ ჟურნალებში. ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინებებით იმყოფებოდა კოლუმბიის უნივერსიტეტში (ნიუ იორკი) და ვაშინგტონის უნივერსიტეტში, სენტ ლუისში (მისური).

აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოების კვლევის ცენტრს“. განხორციელებული აქვს მრავალი პროექტი, აქტიურად იყო ჩაბმული კანონშემოქმედებით საქმიანობასა თუ საპროტესტო აქციებში, აქტიურად გამოდიოდა მედიაში. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ფორმირებას, თვითმმართველობის განვითარებას, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირებას, შრომითი ურთიერთობებისა და პროფკავშირების განვითარებას.

მარინა მუსხელიშვილი: „საბჭოთა კავშირს ჰქონდა განვითარების ერთი გზა – იგი აშენებდა კომუნიზმს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნიზმი, როგორც განვითარების იდეალი, ნეოლიბრალურმა იდეოლოგიამ ჩაანაცვლა, მაგრამ ამ ჩანაცვლებით არ შეცვლილა მთავარი პრინციპი – ნეოლიბერალიზმი, კომუნიზმის მსგავსად, მიეწოდება საზოგადოებას როგორც მეცნიერული ჭეშმარიტება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. ეს არის დიდი ტყუილი, რომელიც ზღუდავს მოქალაქეთა შესაძლებლობას, დაამყარონ ჭეშმარიტი დემოკრატია და გავლენა მოახდინონ ქვეყნის მომავალზე. დღეს სოციალ-დემოკრატია ნეოლიბრალიზმის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს, ის თანამედროვე ევროპის განუყოფელი ნაწილია და ევროპულობის უცილობელი მახასიათებელი.“

X