ეპიდემია როგორც ახალი ეპოქის დასაწყისი

ეპიდემია როგორც ახალი ეპოქის დასაწყისი

ეპიდემია როგორც ახალი ეპოქის დასაწყისი

ეპიდემია გადაივლის, მაგრამ არჩევანი, რომელსაც ჩვენ დღეს გავაკეთებთ, შეცვლის ჩვენ ცხოვრებას მომავალში.

თუ თვალს გადავავლებთ გასული საუკუნის გლობალურ კრიზისებს, დავინახავთ, რომ ყოველი მათგანი დამთავრდა ასევე გლობალური ხასიათის ცვლილებებით. I მსოფლიო ომის კრიზისმა მოიტანა საბჭოთა კავშირი და ფაშისტური გერმანია, მრავალი ტიპის ნაციონალიზმები, ეტატიზმები, მემარცხენეობები, მემარჯვნეობები … II მსოფლიო ომის კრიზისმა შექმნა „ცივი ომის“ ეპოქა, ორი დიდი სისტემის დაპირისპირება – ერთის მხრივ საბჭოთა ბლოკი, თავისი საბჭოთა სოციალისტური წესრიგით და მეორე მხრივ „დასავლეთი“, დიდ წილად კეინსიანური, თავისი სოციალური კაპიტალიზმით. „ცივი ომის“ დასასრულმა გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს, საფუძველი დაუდო ახალი ნეოლიბერალური გლობალიზაციის ეპოქის დასაწყისს. დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ სწორედ ამ ეპოქის დასასრულს – ეს არის მორიგი გლობალური, ეპოქალური, ეპოქის შემცვლელი ცვლილელებების დასაწყისი, კორონაკრიზისი კი ის ზღურბლია, რომელზეც  გადის ნეოლიბერალური გლობალიზაციის კრიზისის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისი.

ახალი ეპოქის დაწყებისას პროგნოზები არასდროს იყო (და არც შეიძლება იყოს)  დიდწილად ზუსტი იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება პროცესი, როგორი იქნება ძირითადი ტრენდები და რომელი ტრენდები გაძლიერდება, როგორი იქნება შედეგები, ვინ იქნებიან „მოგებულები“ და ვინ – „წაგებულები“, როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე სოციალური ჯგუფების, სახელმწიფოებისა და სახელმწიფოთა დაჯგუფებების დონეზე …

ეს ყველაფერი რთულად პროგნოზირებადია, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებების პროცესზე და შედეგებზე ზეგავლენას მოახდენს კრიზისის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები – მიღებული კრიზისული ან ანტიკრიზისული გადაწყვეტილებები და შემოღებული წესები.

გადაწყვეტილებები, რომლებსაც მთავრობები და ხალხი (ადამიანები) მიიღებენ რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეცვლის სამყაროს მომავალ წლებში! შეცვლის არა მხოლოდ ჯანდაცვის სიტემას, არამედ აგრეთვე ჩვენს ეკონომიკას, პოლიტიკას და კულტურას. სასურველია, თუ არ ვიწინასწარმეტყველებთ, ვიმსჯელოთ მაინც ამ ცვლილებების ტრაექტორიებზე – კერძოდ, რა და როგორ შეიძლება შეიცვალოს: 1. ეკონომიკაში. 2. პოლიტიკაში (პოლიტიკურ სისტემაში, პოლიტიკურ ქცევაში, პოლიტიკურ კულტურაში)!

დღეს, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს (ალტერნატივებს შორის), მხედველობაში უნდა ვიქონიოთ გრძელვადიანი შედეგებიც (ამ გადაწყვეტილებების მიღების გამო შესაძლებელი), როდესაც ჩვენ ვცდილობთ ავირჩიოთ ალტერნატივებს შორის უკეთესი, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ (მხედველობაში ვიქონიოთ) არა მხოლოდ მიმდინარე (დღევანდელი) საფრთხეების გადალახვის ამოცანებით (რაც აუცილებელია), არამედ იმ პერსპექტივების (ალტერნატიული) გათვალისწინებითაც, რომლებიც შეიძლება შეიქმნას, როდესაც მიმდინარე (მწვავე) კრიზისი (ეპიდემოლოგიური, ჯანდაცვის, კრიზისული ეკონომიკის – მდგომარეობები) დასრულდება (გადალახული იქნება).

როდესაც ეპიდემიური კატასტროფა გადაივლის, ეპიდემიური შტორმი ჩადგება, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი, ჩვენი უდიდესი უმრავლესობა გადარჩება (ფიზიკურად) – მაგრამ ჩვენ ვიცხოვრებთ სხვა სამყაროში, სხვა ეპოქაში, სადაც მოგვიწევს ცხოვრება სხვა წესრიგით, სხვა წესებით!

თარიღი : 18.04.2020

ავტორი: გია ჟორჟოლიანი
X