სოციალ-დემოკრატების მოკლე ისტორია

პარტია – „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ წარმოადგენს პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც დაფუძნდა 2010 წელს და რომელსაც გააჩნია სხვა პარტიებიგან განსხვავებული  თანმიმდევრული ხედვა და პროგრამა  ქვეყნის  ცხოვრების, პოლიტიკისა და სამომავლო განვითარების შესახებ. დაარსების დღიდან  პარტია წინააღმდეგობას უწევდა იმდროინდელ ხელისუფლებას – „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პოლიტიკას, რომელიც არამხოლოდ კრიმინალური და დანაშაულებრივი იყო, არამედ იწვევდა ადამიანთა მასობრივ სიღარიბეს, უმუშევრობას, განუვითარებლობას და უსამართლობას, რისგანაც მოქალაქეები წლების მანძილზე უღირს და უპერსპექტივო მდგომარეობაში ცხოვრობდნენ.

პარტიის არსებობის საფუძველი არასდროს ყოფილა პიროვნული დაპირისპირება პოლიტიკოსთა შორის. ის ყოველთვის მოქმედებდა საკუთარი პოლიტიკური პროგრამის, ალტერნატიული განვითარების  ხედვისა და იდეების კარნახით, პარტიის წევრები ვაკრიტიკებდით და ვაკრიტიკებთ იმ პოლიტიკას, იმ რეფორმებსა და იმ გადაწყვეტილებებს, რომელთაც ფუნდამენტურად არ ვეთანხმებოდით, არ ვეთანხმებით და საზიანოდ მივიჩნევთ ქვეყნისთვის.  

პარტია, მძლავრი ახალგაზრდული ფრთითა და აკადემიური ცოდნის, პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი გამოცდილების მქონე ლიდერებით, აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა იმდროინდელ ავტორიტარულ რეჟიმს, თანასწორობის, სოლიდარობის, სამართლიანობის, ხელმისაწვდომი განათლების, სამართლიანი გადასახადების, პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს იდეების გავრცელებითა და მოწოდებით სტუდენტებში, მშრომელებში, პედაგოგებში, უმუშევრებში, პენსიონერეში უბრალო მოქალაქეებში სოფლებსა თუ ქალაქებში.

პარტიის წევრები აქტიურად ვიყავით ჩართული 2012 წლის საპროტესტო გამოსვლებში და ვთვლიდით და დღესაც ვთვლით, რომ 1 ოქტომბერი იყო და არის უმნიშვნელოვანესი მომენტი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ჩამოშალა ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარული მმართველობა. 2012 წელს ჩვენ იმედიანად შევხვდით და დავიწყეთ აქტიური მუშაობა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად არსებული მანკიერი წესრიგის შესაცვლელად. 2012 წელს პარტია წარმოდგენილი იყო პარლამენტში ერთი, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ – 3 დეპუტატით „ქართული ოცნების“ სიით. 2016 დან 2019 წლამდე პარტიას გააჩნდა საპარლამენტო ფრაქცია უმრავლესობის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო პოლიტიკის ცვლილება მმართველ გუნდთან თანამშრომლობით. მართლაც, გადაიდგა რიგი ნაბიჯებისა: თვითმმართველობის რეფორმა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შემოღება, ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამები და ასე შემდეგ. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და ამ მიმართულებებს სჭირდებოდა შემდგომი გაღრმავება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს რეფორმები ჩიხში შევიდოდა, რისი მომსწრენიც დღეს ვართ. სოციალ-დემოკრატიული ხედვების განხორციელებისათვის არაერთხელ მივმართეთ უმრავლესობას, იქნებოდა ეს საკანონმდებლო პროექტი თუ ინიციატივა. 2012 დან 2019 წლამდე ჩვენმა პარტიამ წარადგინა ათეულობით კანონპროეტი თუ ინიციატივა, მათგან აღსანიშნავია:

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანა“ – რომლის მიზანი იყო შესაძლებელი გამხდარიყო, რეფერენდუმის საშუალებით პროგრესული საგადასახადო სისტემის დანერგვა, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ისეთი საგადასახადო სისტემის დანერგვის შესაძლებლობას, სადაც მაღალ შემოსავლიანები უფრო მაღალ გადასახადებს გადაიხდიხდიდნენ, ხოლო დაბალშემოსავლიანები უფრო მცირეს ან საერთოდ გათავისუფლდებოდნენ.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“- კანონპროექტი მიზნად ისახავდა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები საგანმანათლებლო  დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანებისთვის სახელფასო დანამატის დაწესებას.

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“- რომლის მიხედვითაც 1 მაისი უქმე დღედ უნდა გამოცხადებულიყო, რაც იქნებოდა შრომის და მშრომელთა პატივისცემის გამოხატულება.

კანონპროექტი „საპენსიო სისტემის შესახებ“ – კანონპროექტის მიზანი იყო, თაობათა სოლიდარობის პრიციპზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა ერთი მხრივ ჩვენი მოქალაქეების ღირსეულ პენსიას, მეორე მხრივ არსებული სახელფასო უთანასწორობის მეტ-ნაკლებად შემცირებას. აგრეთვე დღეს უკვე პენსიაზე მყოფი მოქალაქეების პენსიის ზრდას. ამასთან, აღსანიშნავია ინიციატივები სახელმწიფო ბინათმშენებლობის, რეგიონულ-პროპორციული საარჩევნო სისტემისა თუ რეგიონული მმართველობის შესახებ.

სამწუხაროდ, სერიოზული დისკუსია ამ საკითხებზე არ გამართულა. მეტიც, „ქართულმა ოცნებამ“ არ თქვა უარი, მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოღებულ განსაკუთრებით ეკონომიკური წესრიგისა და პოლიტიკის განმსაზღვრელ ბევრ უსამართლო და უსარგებლო კანონზე. 2017 წლიდან ნათელი გახდა, რომ პარტიის რესურსი ქართულ ოცნებასთან და მთავრობასთან მუშაობისა საბოლოოდ ამოიწურა.

2017 წლიდან პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა  უშედეგო შიდა დისკუსიებზე და კულუარულ საუბრებზე „ქართულ ოცნებასთან“ და მალევე გამოვიდა საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან.

პარტია საკუთარ თავს განიხილავს არა არსებული ხელისუფლების ოპოზიციად, არამედ მის ალტერნატივად, ვინაიდან გააჩნია  ახალი, განსხვავებული ხედვა, რომელიც ეყრდნობა ხალხის მისწრაფებებს, ინტერესებს და ემსახურება ქვეყნის განვითარებას. პარტია ისწრაფვის ძირეულ ცვლილებებს, სხვანაირი სახელმწიფოს, სხვანაირი პოლიტიკის, სხვანაირი ეკონომიკის, სხვანაირი განვითარების გეზის დამკვიდრებას.

X