მსოფლიო იცვლება, დადგა სოციალ-დემოკრატიის დრო!

თუკი გავაგრძელებთ ძველი მიდგომებით ქვეყნის მართვას, ქვეყანა ვერ განვითარდება, ცხოვრების დონე არ გაიზრდება!

თავისუფალი ბაზრის დამკვიდრებისა და ცხოვრების დერეგულირების პოლიტიკამ, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში დომინირებდა მსოფლიოში, ამოწურა თავისი პოტენციალი. მისი გაგრძელება ჩიხია, რომელიც მარტო გაამწვავებს არსებულ პრობლემებს.

ამ პოლიტიკამ შედეგად მოგვიტანა უკიდურესი სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, ჩამორჩენა და უიმედობა. თუმცა კი ელიტები გამუდმებით თავს იწონებენ „ეკონომიკური ზრდის“ მაჩვენებლებით, ამ ზრდას რატომღაც არ მოაქვს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება, ადამიანების დასაქმება, ხელფასების ზრდა, თუ საყოველთაო კეთილდღეობა. ნათელია, რომ ძველი მიდგომები მხოლოდ ვიწრო ჯგუფებს ამდიდრებს.

დემოკრატიის ნაცვლად მსოფლიოში პოპულიზმმა დაისადგურა. პოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა და გახდა პოლარიზებული და ძალისმიერი; ელიტები ძირს უთხრიან დემოკრატიას. ხალხსა და ელიტებს შორის უნდობლობა და სიძულვილი აზრს აცლის არჩევნებს. არჩევნებზე დღეს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ  ცუდსა და უარესს შორის უწევთ, რაც ჩაკეტილ წრეზე სიარულს ნიშნავს.

ცხოვრების ყველა სფეროში სახელმწიფოს როლის უარყოფამ მოგვიტანა არა თავისუფლება, არამედ ქაოსი. დღეს ადამიანებს უწევთ თვითგადარჩენა და თვითდამკვიდრება სოციალურ გარემოში, სადაც შეზღუდული რესურსებისთვის ბრძოლა ყოველგვარი წესების გარეშე, ველური კაპიტალიზმის პრინციპებით მიმდინარეობს. უმუშევრობა, სიღარიბე, მიგრაცია, ეკონომიკური კრიზისები – ეს ყველაფერი ქმნის მაღალ რისკებს, რომლებსაც გათითოკაცებული ინდივიდები უკანასკნელი ძალებით ვაივაგლახით უმკლავდებიან.

სულ უფრო ნათელია კაცობრიობის ბუნებაზე ზეგავლენის კატასტროფული შედეგები. იკვეთება თაობათა შორისი კონფლიქტი. უფროსი თაობები თავის შვილებს არა ნათელ მომავალს, არამედ უკიდურესად მძიმე პრობლემებს უტოვებენ და ამას ხშირად ვერც იაზრებენ.

კორონავირუსის ეპიდემიამ კარგად დაგვანახა განვითარების ამ მოდელის სიმახინჯეები. მან აჩვენა ის შეუთავსებლობა, რომელიც არსებობს საზოგადოების ინტერესებსა და ცხოვრების დამკვიდრებულ წესს შორის. იმ შეზღუდვებმა, რომლებიც აუცილებელი გახდა ვირუსისგან ადამიანების დასაცავად, თითქმის ჩამოშლის პირას მიიყვანა არსებული ეკონომიკური სისტემა. მან დაგვანახა, რომ საჭიროა ცვლილებები: ისეთი სისტემის შექმნა, სადაც ინდივიდების კოლექტიური ინტერესების მიღწევა შესაძლებელი იქნება მათი ინდივიდუალური ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნებასთან ერთად.

ჩვენ არ გვინდა არჩევანი გავაკეთოთ ეკონომიკასა და ადამიანის სიცოცხლეს შორის, ჩვენ ორივე გვინდა – ეკონომიკაც და ადამიანის სიცოცხლეც –  ანუ სისტემა, სადაც ადამიანი გახდება ეკონომიკის მამოძრავებელი და  წარმმართველი და არა პირიქით. ასეთი მიდგომა კი მმართველობითი მიდგომების ფუნდამენტურ გადახედვას და განახლებას საჭიროებს.

განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს სვლა სხვა, ახალი მიმართულებით. ეს მიმართულება ამ ახალ გამოწვევებზე პასუხის ძიების შედეგია. ძლიერდება სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის, მამოძრავებელი როლი როგორც შიდა, ასევე გარე პოლიტიკაში. გლობალიზაციის შედეგად შექმნილი გლობალური წესრიგის იდეა უკანა პლანზე გადადის, სანაცვლოდ ცენტრალურ ადგილს იკავებს კონკრეტული სახელმწიფოების კონკურენცია საკუთარი ინტერესების დასაცავად. წამყვან ადგილს აქ აშ-ისა და ჩინეთის ეკონომიკური დაპირისპირება თამაშობს. საფრთხე შეექმნა ევროკავშირის ერთიანობას. სამყაროს მზარდმა ინტეგრაციამ და ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულებამ გამოიწვია უკურეაქცია იმ საზოგადოებებში, რომლებსაც აფრთხობთ გლობალიზაციის გავლენა საკუთარ საარსებო გარემოზე.

მოგვწონს თუ არა ეს ცვლილებები, წინ უნდა ვიყუროთ და არა უკან. აქ დაგვიანება  ჩამორჩენას ნიშნავს. ის შანსი, რომელიც ამ მხრივ 2012 წელს მივიღეთ, ვერ გამოვიყენეთ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ დაიკავა საჯარო სივრცე და შეასუსტა საზოგადოების განახლების პოტენციალი.

დღეს სოციალ-დემოკრატიის იდეები და მიდგომები ხდება აქტუალური როგორც არასდროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ მხოლოდ კონკურენცია და ბრძოლა ვერ უზრუნველყოფს განვითარებას; საჭიროა თანამშრომლობა, სოლიდარობა; საჭიროა სახელმწიფო, რომელიც მეტ  პასუხისმგებლობას აიღებს თავის თავზე, მეტ როლს ითამაშებს ქვეყნის განვითარების საქმეში. საჭიროა შიდა რესურსების მაქსიმალური ამოქმედება, ამ შიდა რესურსებიდან მთავარი არის ადამიანი, მისი შრომა და მისი მოღვაწეობა. ამ რესურსის გამოფიტვის პროცესი, რომელიც 30 წელია მიმდინარეობს, უნდა დამთავრდეს. ახალმა, პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შექმნას იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლინება.

დღეს აუცილებელია ახალი პოლიტიკური ინიციატივებისა და ახალი ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციების წამოწევა. საჭიროა საღი აზრის დაბრუნება პოლიტიკაში, რევოლუცია მოსახლეობის ცნობიერებაში, მათი გამოყვანა მაყურებლის მდგომარეობიდან, პოლიტიკის გარდაქმნა ნეოლიბერალურიდან სოციალ-დემოკრატიულამდე, სახელმწიფოს როლის გაზრდა  და იმ პოლიტიკური ელიტის შეცვლა, რომელიც ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებებს დიდი ხანია მხარს ვერ უბამს.

X